“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ და მიაჩნია, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაფართოვდეს:
“ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. წლების განმავლობაში, პარტიებად და პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ უცხოურ ძალებს.
მისასალმებელია, რომ პროკურატურამ 8 მათგანის მიმართ საქმე აღძრა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ქსელი ბევრად უფრო ფართოა და ამას მოწმობს თავად პროკურატურის განცხადებაში აღწერილი მოვლენების მასშტაბურობა.
აუცილებელია ყველა რგოლმა აგოს პასუხი, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში მონაწილეობდა, მათ შორის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ფონდებმა, რომლებიც “ქველმოქმედების” სახელით ძალადობას და რადიკალიზაციას აფინანსებდნენ – ჟორჟოლიანი, ღლონტი და სხვები საჯაროდ აღიარებდნენ, რომ პოლიციელებზე მოძალადეებს, მოლოტოვების მსროლელებს, ყველა კანონდამრღვევს ფინანსურად ეხმარებოდნენ, ასევე მათი ფინანსებით უზრულველყოფდნენ აქციებს საჭირო საშუალებებით.
იმედია, ამ მიმართულებითაც მუშაობს პროკურატურა, რადგან თუ გვსურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა ისჯება!” – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

