ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დასრულდა – განათლების სამინისტროს განმარტებები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ამცნობს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დასრულების შესახებ.

მსურველებს 30 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლოთ დარეგისტირებულიყვნენ საერთო სამაგისტრო გამოცდზე, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა გამოცდებზე.

სულ დარეგისტირიდა – 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი;

3 600-ზე მეტი სტუდენტი;

12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი;

19 600-ზე მეტი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები.

„პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეგისტრაცია დასრულდა (30 მარტის ნაცვლად) 30 აპრილის 18:00 საათზე.

ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებისთვის სრულ მზადყოფნაშია და იმოქმედებს ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი – აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ცენტრი კვლავ მართავს ღია კარის დღეებს ონლაინრეჟიმში როგორც აბიტურიენტთა, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით.

აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისაგან შეუძლიათ ცენტრის ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კი – ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

გარდა ამისა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული