“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებებს აძლევს მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს და დაანონსებულ ინიციატივებს:
“ყველამ ვიცით, რომ სიმართლე ვერ გაუქმდება რეჟიმის ბრძანებით! ვერც თავისუფლება აიკრძალება მათი “კანონებით”, მაგრამ ჩვენმა “ბოლომდემ” რომ აჯობოს მტრისას, გვახსოვდეს: რუსქოცური რეჟიმის ბელადები მოქმედებენ მარტივი პრინციპით — “გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩება“…
როცა მშვიდობიანი პროტესტი „კონსტიტუციური წყობის დამხობად“ შერაცხეს, ხოლო თავისუფლებისთვის ბრძოლა — დანაშაულად.
როცა უცხო ძალის დაკვეთით და ხალხის ნების წინააღმდეგ ცვლიან ქვეყნის საგარეო კურსს, ხოლო პროტესტის მონაწილეებს — ხალხის მტრებად, უცხო ქვეყნის მართულ, “დახელფასებულ” მოპროტესტეებად გვნათლავენ.
როცა მოქალაქეებს ართმევენ შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას — და ამას აკეთებენ „კანონის სახელით“. ჩვენ კი ამ დროს პროტესტის ფორმებს ვუწუნებთ ერთმანეთს!
როცა 110-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე სტატისტიკად უნდათ გვიქციონ, რათა პროპაგანდამ მარტივად გააუფასუროს ამ ადამიანების ტკივილი – ოჯახებით, სახელებითა და ღირსებით მათ უკან.
ჩვენ სიმტკიცეს გვართმევს ამის დაშვება.
რეჟიმი გვასუსტებს მაშინ, როცა ერთმანეთს უსაგნოდ ვეკამათებით.
როცა გეგმის ნაცვლად ბრალს ვდებთ, როცა თავგანწირვა შეუნიშნავი გვრჩება — მაშინ იმარჯვებს ტირანია.
როცა დიქტატურა კარზე გვიკაკუნებს და ზოგს ჰგონია, რომ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას მოახერხებს. არადა, იმ წყალში თავისუფალი საქართველო იხრჩობა”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს