საერთაშორისო არბიტრაჟში დავების წაგების შემდეგ საქართველოსთვის დაკისრებული ათეულობით მილიონი აშშ დოლარის გადახდას, სოციალურ ქსელში, მძიმე შეფასებები, განმარტებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
“ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში წაგების შემდეგ რუსულ კომპანია “ინტერრაოს” (რომელიც ფლობს “თელასს” და ხრამის სადგურებს) გადაუხდის 94 მილიონ დოლარს. აპირებენ თხოვნას, რომ მისი დაფარვა ერთბაშად არ მოხდეს და ნაწილ-ნაწილ დაიფაროს.
ეს შედეგი დადგა კახა კალაძის მიერ გაფორმებული კორუფციული და დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო.
არავის შერჩება 250 მილიონი ლარის დაკარგვა, რომელიც უამრავ კეთილ საქმეს შეიძლებოდა რომ მოხმარებოდა.
მალე წამოგვეწევა ნამახვანის წაგებული საქმიდან თურქული კომპანიისათვის 450 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. ეს უკვე 1,2 მილიარდი ლარია, რაც საქართველოს ჯანდაცვის წლიური ბიუჯეტის ნახევარზე მეტია.
ამ რუსული ხელისუფლების დანაშაულობებს საზღვარი არა აქვს. მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისათვის უდიდესი რისკია“, – აცხადებს რომან გოცირიძე.