“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მიმართავს – მეგობრებო, საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას:
“მოკლედ რომ ვთქვათ, ეს დოკუმენტი არის იმის შესახებ, რომ მეტი ერთიანობა არის მეტი ძალა, მეტი ძალა არის მეტი ნდობა და მეტი რეალური შესაძლებლობა გამარჯვებისთვის.
ჩვენმა მოქალაქეებმა ეს კარგად იციან, უბრალოდ პირველ ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან.
გამარჯვების გზა – ძალა ერთობაშია
გამარჯვების გზა ჩვენს ერთიანობაზე, მძლავრი ალტერნატივის ფორმირებაზე გადის.
1. რა დაამარცხებს იმედგაცრუებას? – ჩვენი გაერთიანება
2. რა გაააქტიურებს პროტესტს? – ჩვენი გაერთიანება
3. რა დააჩქარებს პარტნიორების ქმედებებს? – ჩვენი გაერთიანება, ძლიერი ალტერნატივის და წინააღმდეგობის დანახება;
4. რა ჩამოშლის „ქართულ ოცნებას“? – ჩვენი გაერთიანება;
5. რა დააჩქარებს გამარჯვებას? -ჩვენი გაერთიანება.
როგორი გაერთიანება გვჭირდება?
პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთიანდებიან სისტემურ, პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებულ ფორმატში, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტურ მართვაზე.
გაერთიანება მოქმედებს ერთიანი სახელით – საერთო ბრენდის ქვეშ, რაც მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას რომ არსებობს არა დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, არამედ ერთიანი, ძლიერი გრავიტაციის ცენტრი, ამასთან, ყველა ჯგუფი ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას.
ამ დოკუმენტის შესაბამისად ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს, ერთად მონაწილეობენ მომავალ ახალ საპარლამენტო არჩევნებში და საზოგადოებას სთავაზობენ ძლიერ, რეალურ ალტერნატივას.
კარგი იქნება თუ ეს ერთობა თავდაპირველად შეიქმნება ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ბაზაზე.
შესავალი
ფაქტია, ერთად უფრო ძლიერები ვართ. ერთიანობას სჭირდება კომპრომისი, კომპრომისის გარეშე გაგვიჭირდება. დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტიც კომპრომისია.
დროა, აბსტრაქტული საუბრიდან გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არ არის საკმარისი.
ეს დოკუმენტი გამიზნულია შინაარსობრივი დისკუსიისთვის, წარმოდგენილი გადაწყვეტები, მექანიზმები ჩვენი მოსაზრებაა. მზად ვართ მოვისმინოთ რეკომენდაციები ან ალტერნატივები, რომ მოკლე დროში საბოლოო დოკუმენტამდე/შეთანხმებამდე მივიდეთ.
რეალურად ჩვენ მართლა მეტნი ვართ და როგორც კი ჩვენი აქტიურობით და სწორი კამპანიით ეს ციფრებში გამოიხატება, (მაგალითად ობიექტურ კვლევებში ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე, ქოცი მეორეზე) უსწრაფესად დაიწყება ცვლილებების პროცესი და ყველას მოუწევს ამ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა.
დღეს არ არის არჩევანი პოლიტიკურ გემოვნებებს შორის, მემარცხენე თუ მემარჯვენე, ლიბერალურ თუ კონსერვატულ მიდგომას შორის, დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყნის გადარჩენის არჩევანი: ღარიბი, სუსტი, დაუცველი, კორუფციული, ოლიგარქიული საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ – რასაც რეჟიმი გვთავაზობს თუ მდიდარი, ძლიერი, ერთიანი, დაცული, დემოკრატიული, რეგიონის ლიდერი საქართველო, ძლიერი ევროკავშირის წევრი და ძლიერი ამერიკის ღირსეული პარტნიორი – რასაც ჩვენ ვთავაზობთ.
ვიმეორებ, კომპრომისის გარეშე ერთიანობას ვერ მივაღწევთ. კომპრომისი პროდასავლურ, პატრიოტულ ფლანგზე, უკომპრომისობა-ოცნებასთან მიმართებაში!
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა არც „დიფ სთეითის“, არც ომის, არც ნაცების შიშის ყალბ პროპაგანდაზე არ დგას – ესენი მხოლოდ დამხმარეა. მათი პროპაგანდის მთავარი ღერძი ჩვენი სისუსტე, დაქსაქსულობა და ურთიერთთავდასხმებია.
ის რეიტინგი რაც ოცნებას უფიქსირდება 30 თუ 35%, იმიტომ კი არ აქვთ რომ ამდენ ხალხს ტვინი გამოურეცხეს და ხალხი ანტიევროპელი, ანტიდემოკრატი, ანტიამერიკელი, პრორუსი გახდა ან კიდევ მოსწონთ ახალგაზრდების ცემა, დაჭერა და ა.შ. არამედ ისინი ჩვენთან შედარებით უფრო კონსოლიდირებულები და ძლიერები ჩანან.
შესაბამისად, ჩვენი ამოცანა ნომერი ერთი არის ძალის ჩვენება, არა გაფანტული უმრავლესობა, არამედ კონსოლიდირებული, ძლიერი ერთობა, რაც გაცილებით მეტია (მათ შორის ციფრებით) ვიდრე რეჟიმი.
რატომ ვერ ვერთიანდებით?
თითქოს ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ერთიანობა, მაგრამ ზოგადი საუბარი საკმარისი არ არის. თუ ყველას გვინდა და მხარს ვუჭერთ ერთიანობას, მაშინ რატომ ვერ ვერთიანდებით? – ამას მეკითხებოდნენ მოქალაქეებიც და პასუხი საჭიროა ჩვენი ერთიანობით.
ხშირად მეც (და ალბათ საზოგადოებასაც) მიჩნდება განცდა, რომ:
• ზოგს ნამდვილად სურს ერთიანობა;
• ზოგი უბრალოდ საუბრობს ერთიანობაზე.
მე შევეცდები, ერთიანობის ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ.
ერთიანობის საფუძვლები
ერთიანობისთვის აუცილებელია:
1. მიზანი, რის გარშემოც ვერთიანდებით
2. ამოცანები – მიზნის მისაღწევად;
3. პრინციპები, რაზეც ვთანხმდებით;
4. გაერთიანების სტრუქტურა;
5. გადაწყვეტილებების მიღების წესი;
6. ერთიანობის შტაბი – მექანიზმი, რითაც ვახდენთ ამ ერთიანობის რეალიზებას;
7. ფინანსები (ფანდრაიზინგი);
8. ქართული დამოუკიდებელი მედია.
ვფიქრობ, სწორედ ამ მექანიზმით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებზეც, რაც პოზიციის მიუხედავად, ყველასთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო შესასრულებლად.
1. მიზანი
• საქართველოს დაბრუნება დემოკრატიული განვითარების გზაზე
• ძალაუფლების დაბრუნება ხალხისთვის
• ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის აღდგენა
• დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრულყოფა
2. ამოცანები
• ახალი წესებით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება
• ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება
• რეჟიმის ცვლილება
3. პრინციპები
• ვივიწყებთ განსხვავებებს – ერთიანობა მოქმედებს საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით
• ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ერთად
• კონსენსუსის არ არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე
• გადაწყვეტილება რევიზიას აღარ ექვემდებარება
• გადაწყვეტილება სავალდებულოა გაერთიანების ყველა წევრისთვის
4. გაერთიანების სტრუქტურა
პარიტეტული პრინციპით შედგება გაერთიანების საბჭო:
➤ 4.1. პოლიტიკური პარტიები
4.1.1. 8 პარტია, რომელიც არ მონაწილეობს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში. (თითო პარტიას თითო ადგილი)
„ლელოს“ და გახარიას რაც შეეხება, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას და უარს იტყვიან ე.წ. თვითმმართელობის არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება მათი შემოერთება ამ გაერთიანებაში.
თუ გახარია, „ლელო“ და ელისაშვილი უარს იტყვიან პოზიციის გადახედვაზე და სისტემურ ერთიანობაში მონაწილეობაზე, (მაგალითად გახარია ყოველთვის ასე იქცევა) გაერთიანება უნდა შეიქმნას მათ გარეშე;
4.1.2 გაერთიანებაში ერთი წარმომადგენლით შეუძლია ასევე შევიდეს პარტიას, რომელსაც არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა ან ვერ გადალახეს ბარიერი, ამისთვის ისინი:
ა. უნდა იზიარებდნენ გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს;
ბ. შეუერთდნენ ქართულ ქარტიას, რომელიც ერთად უნდა განვაახლოთ;
გ. უნდა იყვნენ რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტია;
დ. პარტიის გაერთიანებაში შეყვანა წყდება ხმათა უმრავლესობით, გარდა „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ და სხვა უკვე შექმნილ სტრუქტურაში წარმოდგენილი პარტიებისა. ისინი ავტომატურად შევლენ.
➤ 4.2. საზოგადოებრივი/საპროტესტო/სამოქალაქო ჯგუფები
გაერთიანების საბჭოში ხმის უფლებით წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მათი წარმომადგენლების ჯამური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს პარტიული სუბიექტების რაოდენობას.
წარმომადგენლების არჩევის მექანიზმზე თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ.
აქ ჩამოვწერ იმ ჯგუფებს, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ, შეიძლება ვინმე გამომრჩეს რისთვისაც ბოდიშს ვიხდი:
4.2.1 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი – ბევრი საინტერესო ჯგუფი და ადამიანია გაერთიანებული. კარგად შეძლეს 26 მაისს მრავალი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება. (თავად შეთანხმდნენ რამდენი დელეგატით იქნებიან წარმოდგენილი);
4.2.2 დაიტოვე – აქტიური წინააღმდეგობისა და პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი;
4.2.3 რუსთაველის გამზირი – პაატა ბურჭულაძესთან ერთად „რუსთაველის გამზირი“ აქტიურად მოქმედებს. ბატონმა პაატამ არაერთხელ საკუთარ თავზეც აიღო რისკიანი გადაწყვეტილება, მაგალითად 9 აპრილს. ის დიდი ნდობით სარგებლობს და მნიშვნელოვანია მისი გაერთიანებაში მონაწილეობა.
4.2.4 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები – უმნიშვნელოვანესი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი სამოქალაქო სექტორში. მათი მანდატიდან გამომდინარე, შესაძლოა უარი თქვან თუმცა, ის ვინც დათანხმდება აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხოლო ვინც ამ ფორმატში არ იქნება მათთან გაერთიანება გააგრძელებს თანამშრომლობას.
4.2.5 საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა – აქტიურად მუშაობენ საარჩევნო და სხვა თემებზე ამიტომ კარგი იქნება ისინიც თუ იქნებიან წარმოდგენილები გაერთიანებაში.
4.2.6 სინდისის პატიმრების მშობლები – მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართულობა;
4.2.7 კულტურის სფეროს წარმომადგენლები – კარგად ორგანიზებული და საზოგადოებისთვის პატივსაცემი ჯგუფია, პროტესტის წინა ხაზზე არიან;
4.2.8 სტუდენტური ორგანიზაციები – აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა, ბევრი საინტერესო ახალგაზრდული ჯგუფი და ორგანიზაციაა, მათი აქტიურობა გადამწყვეტია;
4.2.9 ასევე წარმომადგენელი ემიგრანტების ჯგუფებიდან.
➤ 4.3. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლი
ქალბატონ სალომეს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს გაერთიანება მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს მის მიერ ინიცირებული „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე.
უფრო მეტიც, ვფიქრობ, ამ გაერთიანებას სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს, მესმის, ბევრი აკრიტიკებს მაგრამ ჩვენც უნდა მივეხმაროთ.
მე მასთან ბოლო 2 თვის მანძილზე მქონდა ურთიერთობა და დავრწმუნდი მის გულწრფელ სურვილში დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.
ეს დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება ქალბატონი სალომეს ბოლო განცხადებას, პირიქით, ავსებს მას.
შენიშვნა: შესაძლოა გარკვეული ინტერესჯგუფი გამომრჩა რისთვისაც ბოდიშს გიხდით. მთავარია დავიწყოთ, კარი რა თქმა უნდა ყველასთვის ღია იქნება.
5. გადაწყვეტილებების მიღების წესი
• გადაწყვტილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე
• კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში – ხმათა უმრავლესობით
• თანაბარ ხმებზე – სალომე ზურაბიშვილის ხმა გადამწყვეტია
• გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა წევრისთვის
• თუ პირი ვერ დაესწრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს, მიღებული გადაწყვეტილების შესრულება მაინც სავალდებულოა.
5.1. სახალხო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები
ზურაბ ჯაფარიძის შემოთავაზებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნას საერთო სახალხო ჩართულობით, პირდაპირი დემოკრატიის წესით:
• ამისთვის იქმნება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია;
• აპლიკაციაში რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;
• ხმის მიცემის წესს ამტკიცებს გაერთიანების საბჭო;
• აპლიკაცია კეთდება ბლოკჩეინის ბაზაზე, (ეს არ არის ჩემი ახირება) რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებულის ანონიმურობას, ხმის მიცემის კონფიდენციალურობას და სისტემის დაცულობას.
ამ ნაწილზე საკუთარ წერილში ბევრი ისაუბრა ზურა ჯაფარიძემ, ჩვენც ბევრი გვისაუბრია ამაზე, რამდენიმე არსებული გადაწყვეტაც განვიხილეთ და ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის.
ამ სისტემის დანერგვა გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას რაც გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას, გადაწყვეტილებასაც მეტი ლეგიტიმაცია და ხალხის ნდობა ექნება, უფრო მეტიც, ჩვენ ვაჩვენებთ რეჟიმისგან სრულიად განსხვავებულ არაერთპიროვნული მართვის მოდელს, მმართველობის ახალ კულტურას.
6. ერთიანობის შტაბი – მექანიზმი, რითაც ვახდენთ ამ ერთიანობის რეალიზებას
გაერთიანების საბჭოს პარალელურად იქმნება შტაბი, რომელიც:
• უზრუნველყოფს გაერთიანების ყოველდღიურ მუშაობას.
• დაკომპლექტებულია სრული განაკვეთით მომუშავე პროფესიონალებისგან.
• მუშაობს საარჩევნო კამპანიის შტაბის სტილში.
შტაბის სტრუქტურაზე მოგვიანებით გაგაცნობთ ჩემს ხედვას, დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში.
7. ფინანსები
რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ფინანსების მობილიზება. ვფიქრობ, ძირითადი ნაწილი შეიძლება იყოს ე.წ. ქრაუდფანდინგი. დეტალურად შეგვიძლია მოგვიანებით ვიმსჯელოთ შეთანხმების პარალელურად.
8. ქართული დამოუკიდებელი მედია
მედია ურთულეს მდგომარეობაშია. ამასთან მისი როლი გადამწყვეტია, რომ ხმა მივაწვდინოთ თანამემამულეებს. მედიის წარმომადგენლებს მინდა გთხოვოთ, დავიწყოთ ამ დოკუმენტში არსებული გაერთიანების კონკრეტული მოდელის ფართო განხილვა და გაშუქება რათა ერთიანობა არ იყოს ეფემერული.
დასკვნა
1. შესაძლოა რთული ჩანს, მაგრამ თუ ვითარებას რეალურად შევაფასებთ, ვფიქრობ, გზა გამარჯვებამდე ნამდვილ ერთიანობაზე გადის;
2. ყველა საკითხი ვერ მოვიცავი დოკუმენტში, შევეცადე ყოფილიყო მაქსიმალურად მოკლე. ერთად შეგვიძლია დავხვეწოთ და დავამუშაოთ;
3. წარმოდგენილი გადაწყვეტები რაოდენობებზე, გადაწყვეტილებების მიღების წესზე და ა.შ. ვფიქრობ მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა ცვლილებები შესაძლებელია;
4. ვფიქრობ, გაერთიანების ფორმირებაზე რაც შეიძლება მალე უნდა მოვახერხოთ შეთანხმება;
5. ჩვენი გამარჯვების დაჩქარება პირდაპირ დამოკიდებულია გაერთიანების ჩამოყალიბებაზე. ეს დაანახებს საზოგადოებას მოძალადე რეჟიმის ალტერნატივას, გააძლიერებს პროტესტს და დააჩქარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს;
6. გთხოვთ, სრულად გაეცნოთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მომწეროთ თქვენი მოსაზრებები საპატიმრო დაწესებულებაში;
7. ვფიქრობ, ეს მექანიზმი უკვე რომ გვქონოდა, უფრო მარტივად მივიღებდით გადაწყვეტილებას, მათ შორის ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებზე თუმცა, მომავალში კიდევ ბევრი სტრატეგიული და ტაქტიკური საკითხი გვექნება გადასაწყვეტი და გაგვიმარტივდება გადაწყვეტილების მიღება;
8. დარწმუნებული ვარ, ამ გაერთიანების ფორმირების და მწყობრი წინააღმდეგობის შემდგომ ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ მეტი მხარდაჭერა გვაქვს ვიდრე „ქართულ ოცნებას“ და დიდი უპირატესობით ვართ პირველ ადგილზე, ეს კი კიდევ უფრო შეამცირებს მათ რეიტინგს, რადგან ხალხი დაინახავს რეალურ ალტერნატივას და ძალას ჩვენში;
9. ვფიქრობ, ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. დისკუსიისას გთხოვთ არსებობის შემთხვევაში შემოგვთავაზოთ ამ გზის ალტერნატიული ვარიანტი“.