14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების დროს ნაპოვნი იყო, ამა წლის 1 აპრილიდან დაკარგული მარნეულელი აითაჯ მამედოვას ცხედარიც. აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და ემოციურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე
“პირველი აპრილის ღამეს, დაახლოებით 12:00 საათზე, 21 წლის აითაჯ მამედოვა გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მეგობრის დაბადების დღის წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა. უკანასკნელად თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. გოგონას ფეხსაცმელი, ჩანთა და ტელეფონი იქ დაუტოვებია.
ოჯახის თქმით, მათ პოლიციაში დროულად განაცხადეს დაკარგვის შესახებ. სამართალდამცავებმა ოჯახს განუცხადეს, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ვარდება აითაჯი მდინარე მტკვარში, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, ჩანაწერი არც გამოძიებისთვის გადაუციათ და არც მათთვის უჩვენებიათ, ამოცნობის მიზნით. ოფიციალურად არ დასტურდება, ნამდვილად აითაჯია თუ არა ვიდეოზე აღბეჭდილი პირი.
საგანგებო სიტუაციების სამსახური ფაქტობრივად ფორმალურად ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში, რადგან ოჯახის წევრების თქმით, რეალური ძებნა, მდინარე მტკვარში არ განხორციელებულა სრულფასოვნად. აითაჯის ბიძა, ბიძაშვილი და მეზობლები თავად შეუდგნენ სამძებრო სამუშაოების ჩატარება ხელნაკეთი ,,ტივტივებით”, რომლებიც პლასტმასის ბოთლებისგან იყო აგებული, ისინი ყოველდღიურად გადიოდნენ მტკვრის სანაპიროზე და უიმედოდ ეძებდნენ ბედის ანაბარად დატოვებული აითაჯს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქმედებაზე საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აითაჯის სამძებრო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობდა, წარმოებდა მდინარე მტკვირს მონიტორინგი, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო წყლის საშუალებები და მყვინთავები და მიმდინარეობდა კალაპოტის დათვალიერება. თუმცა იგივეს უარყოფდნენ აითაჯის ოჯახის წევრები. თავის დროზე რასულ ომაროვმა განაცხადა, რომ ,,ბევრი ტერიტორია დაკეტილია, ნებართვას არ გვაძლევენ. არც პოლიცია, არც სახელმწიფო არ შედის ამ ტერიტორიებზე. არც ჩვენ გვაძლევენ უფლებას. უბრალოდ ბოთლებით მდინარის პირას, კუნძულებში ვეძებ. მაგრამ ვინმემ თევზი რომ დაიჭიროს მაშინვე გარემოს დაცვის 10 ნავი მოდის. ვინმე ან რამე რომ გაიქცეს ტყეში 5 ვერტმფრენს უშვებენ. უბრალოდ სახელმწიოფო ელოდება რომ ფასიან ნავებს დავიქირავებთ, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ძალიან რთული საკითხია. ჩვენ მხოლოდ დახმარება გვინდა. ორთაჭალის პოლიციამ მითხრა 22 კილომეტრზე მოვძებნითო. ველოდებით ინფორმაციას. ვინმე სადმე თუ რამე დაინახავს, თუ გვეტყვიან წავალთ და ამოვიყვანთ”.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.
ამის პარალელურად ფაქტია, რომ აითაჯის მტკვარში სავარაუდოდ გადავარდნის გამო: არ დააშრეს მდინარე, არ გაწმინდეს კალაპოტი და არც მაშველების მასშტაბური ჩართვა დაფიქსირებულა.
აითაჯ მამედოვას ცხედარი მხოლოდ 45 დღის შემდეგ იპოვეს და ისიც შემთხვევით, მდინარემ დააბრუნა.
არასწორი პრიორიტეტების ფონზე, აითაჯის ოჯახი 45 დღის განმავლობაში ელოდა პასუხებს და სათანადო ქმედებებს სახელმწიფოსგან, თუმცა უშედეგოდ!
არ იყო პასუხები, არ იყო ქმედებები!
აითაჯის ცხედარი მტკვარში იპოვეს მხოლოდ მაშინ, როცა მდინარეში სხვა, სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჩავარდნილი ავტომობილის სამძებრო სამუშაოებში მაშველთა ჯგუფი და მყვინთავები ჩაერთვნენ.
იქ სადაც სახელმწიფო და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები მკვდარია, მდინარე მოქმედებს!
აითაჯ მამედოვას საქმე არ არის ერთადერთი და გამონაკლისი, როდესაც სისტემურ გულგრილობა ხდება და ეს კონკრეტული ფაქტი მეტყველებს სახელმწიფოს რეაგირების და სისტემის სერიოზულ ჩავარდნაზე.
აითაჯ მამედოვას საქმე არ არის მხოლოდ უბედური შემთხვევა — ეს არის სისტემა, სადაც რეაგირება ხდება დაგვიანებით, არაპროფესიონალურად და შეურაცხმყოფელი გულგრილობით.
სად მთავრდება ადამიანის სიცოცხლის ღირებულება და რად ფასობს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე საქართველოში?
აითაჯ მამედოვა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე იყო, მის სავანეში დარწეული აკვნის პირმშო და მისი მომავალი!
აითაჯი აღარ დაბრუნდება, მაგრამ მისი ისტორია უნდა გახდეს ის უკანასკნელი პრეცენდენტი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აღარასდროს დაუშვებს!
სიცოცხლის უფლება ხელშეუხებელია და არცერთი საქართველოს მოქალაქე, არცერთი ოჯახი არ უნდა ეძებდეს დაკარგულ ოჯახის წევრს კუსტარული ტივტივებით იმ წყობილებაში, რომელსაც სახელმწიფო ჰქვია!
ეს საქართველოს სახელმწიფოს სირცხვილი და ჩამოურეცხავი ლაქაა!” – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.