პარასკევი, მარტი 29, 2024

სტრატეგია “შეუტიე კორონას!”: გიორგი ვაშაძის და მისი გუნდის 14 დღიანი ანტიკრიზისული გეგმა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდთან და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის 14 დღიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმის მიხედვით მთავრობისა და საზოგადოებისათვის შესთავაზება გაკეთდა კორონავირუსის არა შეკავებაზე, არამედ შეტევაზე ორიენტირებული სტრატეგია, სახელწოდებით „შეუტიე კორონას“. ოპოზიციონერმა ლიდერმა მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს და მედია საშუალებებს, რომ ახლა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ საზოგადოებისა და ერთმანეთის მიმართ, დამატებითი დაძაბულობა თავიდან რომ იქნას აცილებული. გარდა ამისა დაასახელა სამი ფაზა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის, ეკონომიკური მდგომარეობის კრიზისიდან გამოყვანასა და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას შეუწყობს ხელს.

გლობალურ მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლის რამდენიმე თვიანმა გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ამ ბრძოლაშიც უცდომელად მუშაობს კლასიკური ომის სტრატეგიები და ტაქტიკები.

როგორც მთავრობა აცხადებს, დღემდე ჩვენ ვიმყოფებით შეკავების, დაცვის ანუ ე.წ. შედეგზე რეაგირების ტაქტიკაზე და ამას აკეთებს იმ დაშვებით, რომ არ გვაქვს შესაბამისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საჭირო რაოდენობის სწრაფი დიაგნოსტიკის საშუალებები. აქვე აღვნიშნავ და ამ საკითხზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმვის სწრაფი და მასობრივი დიაგნოსტიკის საშუალებების არაპრიორიტეტულმა, მეორე ხარისხოვან მიმართულებად აღიარებამ ბრმებად დაგვტოვა ვირუსის გამოვლენასა და პრევენციის მიმართულებით, რაც დიდ შეცდომად მიგვაჩნია. სწორედ ამ დაშვებული შეცდომების შედეგია მთავრობის დღეს არსებული ე.წ. შეკავების ანუ შედეგზე რეაგირების ტაქტიკა.

როგორც ამბობენ ყველაზე კარგი თავდაცვა შეტევაა, სწორედ ამიტომ არა შეკავებაზე, არამედ შეტევის სტრატეგიაზეა აწყობილი ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს მთავრობას ვთავაზობთ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპონირების რეჟიმში მყოფ მედია საშუალებებს, ნუ დაამახინჯებთ ჩვენ გამოსვლებსა და ინიციატივებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ შექმნილი რეალობის მიმართ და ხელოვნურად ნუ შევიტანთ საზოგადოებაში დამატებით დაძაბულობას, რადგან როგორც არასდროს დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ეროვნული თანხმობა.

მივმართავ ხელისუფლებას, ჩვენ მოქალაქეებს – საფრთხე რეალურია, ის ყველას თანაბრად გვეხება და ჩვენი ერთიანობით შევძლებთ მასთან გამკლავებას. უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე აღებული ვერცერთი სექტორი, მათ შორის ვერც მხოლოდ მთავრობა, ვერც მხოლოდ სამედიცინო სექტორი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას. ამიტომ გთავაზობთ არა შეკავებაზე, არამედ აგრესიულ შეტევაზე ორიენტირებულ სტრატეგიას, რომელიც ძირეულად და პრინციპულად განსხვავდება ვირუსთან ბრძოლის მთავრობის აქამდე არსებული ხედვებისგან.

მე ხელთ მაქვს ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ორი ნაწილი: პირველი ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს ითვალისწინებს, გაიდლაინების და რეკომენდაციების შემუშავება სამედიცინო სექტორისთვის, პირველადი ჯანდაცვის ანუ ოჯახის ექიმების ამბულატორიების პოლიკლინიკების მომზადება თავიდან ბოლომდე ამ აგრესიული შეტევისთვის და შემდეგი ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, რომელიც აუცილებლად გვჭირდება, რომ აგრესიულ შეტევაზე გადავიდეთ.

მეორე დოკუმენტი ეს არის თარიღების მიხედვით გაწერილი აქტივობები. ჩვენი სტრატეგიის რეალიზების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით 12 აპრილს შეგვიძლია მოვხსნათ ყოველგვარი კარანტინი მას შემდეგ, რაც სწრაფ დიაგნოსტიკას დავიწყებთ. ყველაფერი ეფუძნება აგრესიულ დიაგნოსტიკას, გაწერილია ალგორითმი, მაგალითად: 30 მარტს ვიწყებთ ტესტირებას სწორედ ბოლნისი-მარნეულიდან, 31 მარტს აუცილებლად ტესტირება კარანტინში მყოფი ადამიანების, ჟურნალისტების, სამართალდამცავების. საჭიროა სწრაფი დიაგნოსტირების 300 პუნქტი, რომელიც უნდა გაიხსნას საქართველოში და ჯამში 6000-მდე სამედიცინო პერსონალი ვინც უნდა ჩაერთოს ამ მასირებული შეტევის სტრატეგიაში. აქვე გეტყვით, რომ დღეს 50 000-მდე მედიცინის მუშაკი გვყავს ქვეყანაში ანუ ეს შესაძლებლობა ქვეყანას აქვს.

წარმოგიდგენთ წერილს, მინდა თქვენს თვალწინ ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს და აუცილებლად დღესვე ვუგზავნით საქართველოს ხელისუფლებას.

შეტევა, შეტევა და აგრესიული შეტევა, ეს არის ერთადერთი გზა, რაც ჩვენ გამოგვიყვანს ამ მძიმე კრიზისიდან. ამას ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამას ამბობს ყველა წამყვანი ექსპერტი მსოფლიოში.

იმისათვის, რომ ჩვენ მართლაც დავამარცხოთ ეს დაავადება, მზად ვართ ჩვენ თვითონ ჩავერთოთ ამ პროცესში და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. არ ვამბობთ, რომ მხოლოდ თქვენ აიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენც გავინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ პროცესში და წარმოვადგენთ გეგმას, თუ ყოველდღიურად რა აქტივობა უნდა იყოს, როგორ უნდა გავშალოთ ფართო ფრონტი ამ ბრძოლის.

უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსი გლობალური მტერია და ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ ერთობლივი ძალისხმევით. ეს არის მხოლოდ პირველი ფაზა ჩვენ მიერ შემუშავბეული სტრატეგიის, შეტევის სტრატეგიის, რომელსაც სწორედ ასე ეწოდება „შეუტიე კორონას“.  ჩვენ გვაქვს ასევე მეორე და მესამე ფაზა, როგორ დავუბრუნოთ ეკონომიკა იმ ნიშნულს სადაც იყო და რა რეფორმები უნდა გატარდეს და გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს ამ მძიმე პირობებში.

ჩვენ მიერ გაკეთებული დოკუმენტი ეფუძნება იმ განცხადებებს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რომ სწრაფი ტესტები გზაშია, რომ დიაგნოსტირების შესაძლებლობები გზაშია და იმედი მაქვს, რომ ეს არის სიმართლე და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი სტრატეგია და ჩვენი ეს დოკუმენტი.

იმპლემენტაციის ფაზა შედგება 14 დღისგან და 14 დღეში ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ დაბრუნება ნორმალური ცხოვრების რეჟიმში, მოვხსნათ კარანტინი, გავაუქმოთ საგანგებო რეჟიმი, გავაუქმოთ ყველა ის შეზღუდვა, რაც არის, დავიწყოთ ეკონომიკის ამოქოქვა და ამუშავება.

არ გვაქვს ფუფუნება თვეების მანძილზე გავაჩეროთ აბსოლუტურად ყველაფერი, რადგან შიმშილი არის მეორე დიდი საფრთხე რომელიც კორონავირუსთან ერთად გვიახლოვდება თითოეულ ჩვენგანს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქვემოთ მითითებულ ბმულებზე შეგიძლიათ გაეცნოთ გეგმის მოკლე ვერსიას:

– (01 ფაილი) – “მოსამზადებელი ეტაპი”
– (02 ფაილი) – “სამოქმედო გეგმა თარიღების მიხედვით”

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული