პარასკევი, მარტი 29, 2024

“ქართველი და ქრისტიანი მეგობრები უფრო მეტი მყავს ვიდრე აზერბაიჯანელი და ყველა მათგანი მეამაყება” – სამირა ისმაილოვა

მარნეულისა და ბოლნისის რაიონების საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელების მიმართ გავრცელებული ნეგატიური პოსტების საპასუხოდ სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების მიმართ მხარდამჭერი პოსტები გამოქვეყნდა.

ბოლნისის მკვიდრი სამირა ისმაილოვა ფეისბუქის პირად გვერდზე ძალზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი დიდი სიყვარულია გადმოცემული საქართველოსა და ქართველების, სხვა ეროვნების მოქალაქეების მიმართ:

ვარ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, წარმოშობით ბოლნისის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლიდან… ვსაუბრობ, ვფიქრობ და ვაზროვნებ ქართულად.. 2008 წელს მივიღე სახელმწიფო ჯილდო – ქართული ენის ცოდნაში… ამასთანავე მაქვს უმაღლესი განათლება, ვფლობ რამდენიმე უცხო ენას და ჩემი ცხოვრების ბოლო 10 წელია ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას. ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი სახელმწიფოს განვითარებასა და წინსვლაში (ეს ყველა მოქალაქის ვალია 😊). არ ვარ არსაიდან “ჩამოთრეული” და ვერავინ ვერ გამაძევებს ჩემი სამშობლოდან! არ ვარ მწვანილის ან კარტოფილის გამყიდველი, მაგრამ ვთვლი, რომ არც ეს არის სასირცხვილო. შრომა სასირცხვილო და მითუმეტეს დამაკნინებელი ვერასდროს იქნება…

ქართველი და ქრისტიანი მეგობრები უფრო მეტი მყავს ვიდრე აზერბაიჯანელი და ყველა მათგანი მეამაყება… ისევე როგორც მეამაყება ჩემი აზერბაიჯანელობა! მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა! იმაზე მეტი გვაქვს საერთო ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს! ჩვენი ტრადიციები, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, სტუმარ-მასპინძლობა და თუნდაც ყოველდღიურობაში გამოყენებული ათასობით სიტყვა.

ხშირად როდესაც, 4 მილიონიან საქართველოზე საუბრობთ, უნდა გახსოვდეთ ეს უბრალოდ ციფრი არ არის, ეს ხალხის და საქართველოს მოქალაქეების ერთობაა: ქართველის, აზერბაიჯანელის, სომეხის, აფხაზის, ოსის, ქისტის, ქურთის, ებრაელის და ა.შ… ხუთჯვრიანი დროშის, ძალა ერთობაშია – სლოგანით ჰერბის და ჩემი ხატია სამშობლოს – ჰიმნის ქვეშ არსებული ერთობაა…. ❤❤❤

კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.

მე არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!” – წერს სამირა ისმაილოვა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული