პარასკევი, აპრილი 19, 2024

სამ პუნქტიან რეკომენდაციას გთავაზობთ, თუ როგორ დავძლიოთ ქვეყანაში პანიკა – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად გამოწვეულ პანიკაზე “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობა არ ასხივებს თავდაჯერებულობას, არ საუბრობს მწყობრ ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და ნაბიჯებზე, ხოლო სამთავრობო ბრიფინგებით უფრო მეტად აბნევს ხალხს. ვაშაძემ კრიზისის დაძლევის სამ პუნქტიანი რეკომენდაცია წარადგინა, რომელიც ბრიფინგების შემცირებას, მკაფიო გზავნილების მიწოდებას ყოველდღიურ რეჟიმში და მინიმუმ ერთკვირიანი ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას მოიცავს:

კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება კვლავ გრძელდება, რასაც მხოლოდ ეკონომიკური საფუძვლები ამ ეტაპზე ნამდვილად არ გააჩნია. იგი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული პანიკური მდგომარეობით.

მთავარი კითხვაა რა იწვევს პანიკას?! პანიკა გამოწვეულია იმით, რომ მთავრობა არ ასხივებს თავდაჯერებულობას, არ საუბრობს მწყობრ ანტიკრიზისულ სტრატეგიასა და ნაბიჯებზე. მეტიც, დაუსრულებელ სამთავრობო ბრიფინგებზე უფრო აბნევს ხალხს, რადგან მათი გზავნილები ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს ან არაფრის მთქმელია, რაც საზოგადოების თვალში ნიშნავს, რომ არ იცის მთავრობამ რა უნდა გააკეთოს. ამას ადასტურებს ის, რომ სხვა ვალუტებთან შედარებით ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა. სომხური დრამი 3%-ით, თურქული ლირა 5%-ით, უკრაინული გრივნა 14%-ით, რუსული რუბლი 20%-ით, ქართული ლარი კი 25%-ით.

მაგალითად, არასწორად მიმაჩნია, როდესაც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი ჯერაც არ გააჩნია ქვეყანას და ახლა აპირებს შემუშავებას, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ჰაკატონს აცხადებს კრიზისის დაძლევის მექანიზმად, ანუ ეს ნიშნავს, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს.

შესაბამისად, გთავაზობთ სამ პუნქტიან რეკომენდაციას:

• შეზღუდეთ ბრიფინგების რაოდენობა ეკონომიკურ არასამედიცინო ბლოგში და გადადით საქმის კეთებაზე, ნუ ქმნით პანიკურ მდგომარეობას ბევრი ბრიფინგით;

• მკაფიოდ განსაზღვრეთ ყოველი დღის მთავარი გზავნილები, გააკეთეთ დამაჯერებლად, რომ მოიპოვოთ ჩვენში ნდობა. გამორიცხეთ ურთიერთგამომრიცხავი გაუგებარი და არასწორი გზავნილები;

• გამოდით და გაგვაცანით, როგორც მინიმუმ, ერთკვირიანი ანტიკრიზისული გეგმა კონკრეტული ნაბიჯებით, რათა საზოგადოება ყოველ დღე კი არ ელოდოს, თუ რა იქნება ახალი, არამედ როგორც მინიმუმ ვიცოდეთ შემდგომი დღეების განმავლობაში თქვენი ნაბიჯების შესახებ.

ყოველთვის როცა საჯაროდ საუბრობთ იფიქრეთ, რომ თქვენ გისმენენ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესი. მათ უნდა დაინახონ, რომ თქვენ გაქვთ სტრატეგია, გეგმა და ხედვა რათა მოიპოვოთ ნდობა, რაც ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ განცხადებას “ახალი საქართველოს” პრეს სამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული