შაბათი, მაისი 18, 2024

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა: შეფასებები, მოსაზრებები, განმარტებები…

საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წარდგინებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი ბრძანება, რაც პარლამენტმა დაამტკიცა და იგი ძალაში 21 მარტიდან, ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში.

პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ეთანხმება საქართველოში საგანგებო ვითარების გამოცხადებას, მეორე ნაწილი – არა. საუბარია იმ სავალალო შედეგებზეც, რომელიც სავარაუდოდ მოჰყვება შეფასებით ხელისუფლების ამ გაუაზრებელ ნაბიჯებს.

გთავაზობთ პოლიტიკოსების მხრიდან ამ მხრივ გაკეთებულ კომენტარებს და შეფასებებს.

გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოს“ თავმკდომარე:
„საგანგებო მდგომარეობა – კიდევ ერთი გაუაზრებელი და მძიმე ნაბიჯი!
ეხლა უკვე ჯანმრთელობის რისკთან ერთად სამუშაო ადგილების განადგურებისა და შიმშილის რისკის წინაშე დააყენეთ ჩვენი მოქალაქეები!
ვინმემ ამიხსნას კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში სწრაფი დიაგნოსტიკის მექანიზმებზე უფრო ეფექტური რატომ არის “ზურაბიშვილის” დეკრეტი?“.

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა:
– მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
– მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
– მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!

 

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე:
როდესაც უკვე დგას მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას“.

კომენტარი ასევე გააკეთა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:
მე მინდა ყველამ გამოიჩინოს ერთმანეთის მიმართ თანადგომა და სოლიდარობა, ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს ექიმებს, დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, სოციალური დისტანცია, გავუწიოთ ერთმანთს დახმარება.

ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ ასეთი უბედურობის დროსაც კი ხალხი არ აღმოჩნდეს მძიმე მგომარეობაში.

საფრთხე დიდია, მაგრამ ასევე უნდა გვჯეროდეს ამ საფრთხის გადალახვის შესაძლებლობის“.

გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე:
გვინდა, რომ „ევროპული საქართველო“ პრინციპული პოზიცია ცნობილი იყოს. ერთი თვის ვადით ვუჭერთ მხარს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას“.

შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე:
,,ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა! ეს კანიბალური საგანგებო მდგომარეობაა!

იაგო ხვიჩია – პოლიტიკური პარტია „გირჩი“:
გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც ფაქტობრივად არაფერში ვენდობოდით, ვაპროტესტებდით მის არსებობას და უცებ ეს ადამიანები, მათ შორის ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან, უცბად აღმოჩნდნენ მომხრე იმისი, რომ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა და მთავრობას, რომელსაც გუშინწინ არ ვენდობოდით, ყველანაირი უფლება მივცეთ“.

ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:
ვფიქრობთ, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს იმას, რომ პრევენცია ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიისა ქვეყანაში. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ, სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება. დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, სოციალური დისტანცირება. ამაზე კარგი იარაღი და ღონისძიება დღეს ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარებისა არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს. სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული