spot_img
მთავარიაქტუალური თემებისაქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დადგენილება კორონავირუსის პანდემიის...

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დადგენილება კორონავირუსის პანდემიის პირობებში საეკლესიო მსახურებასთან დაკავშირებით

20 მარტს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა), საპატრიარქოში, წმინდა სინოდის სხდომის დადგენილება წაიკითხა:

გაგაცნობთ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დადგენილებას.

წმინდა სინოდის ოქმი 2020 წელი, 20 მარტი.

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მისალმების შემდეგ მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (CoVis-19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა და დასძინა – ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება.

წმინდა სინოდის სხდომის მდივნად, აირჩიეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. კათოლიკოს პატრიარქმა საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და სიტყვა გადასცა კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს.

მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა არსებული ვითარების შესახებ და განსახილველად წარმოადგინა ტექსტი. მან რამდენიმე მღვდელმთავარის მიერ შემოთავაზებული სხვა ტექსტების შესახებაც მოახსენა წმინდა სინოდს. მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის, კუბორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მესამე ტექსტი წაიკითხა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. მეოთხე – გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ. ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა.

წმინდა სინოდმა განაჩინა: დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას, ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი, თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას.

ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში, აძლიერებდნენ მარხვას და ლოცვას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განავრცობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი.

ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა, მათთვის ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის, ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე – ყოვლად მიუღებელია.

ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით;

2. სასურველია, ყველა მოწმედ ტაძარში და მის გარეთ, დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება;

3. ზიარების შემდგომ, მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინო) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;

4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფებთ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში, სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე, სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები;

5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას, ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი;

6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები “მამაო ჩვენო”, “ღვთისმშობელო ქალწული გიხაროდენ” და “მოწყალებისა კარი გამოღენ”

7. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. 

ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

✨ “შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით...

⛪️ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს უწმინდესისა და უნეტარესის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...