მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ პოზიციას ირონიანარევი მინიშნებებით ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია:
“ამასობაში ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ღია კრიტიკაზე გადავიდა. კერძოდ, მან ეჭვი შეიტანა მის პატრიოტიზმში.
ოცი წელია არაპატრიოტი პრეზიდენტები გვყავდაო. ვისი ბრალია მერე?
სულ სამი გვყავდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
აქედან ორი, გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა პირადად შეარჩია.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილს, თავდაპირველად მაინც, აქტიურად დაუჭირა მხარი.
რამდენად შეიძლება ადამიანი, რომელიც ამდენ არაპატრიოტ პრეზიდენტს არჩევს ან მხარს უჭერს, თავად პატრიოტად ჩაითვალოს?
ფრთხილად, ბატონო ირაკლი. ეს ერთი ბიძინა ივანიშვილი გაღიარებთ და ისიც არ გადაიმტეროთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.