ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სესია: კონკრეტული ფაქტები და თანამდებობებზე დანიშვნები

2024 წლის 25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია გაიმართა, სადაც დეპუტატების უფლებამოსილება სცნეს, აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები და სხვა პირები კონკრეტულ თანამდებობებზე.:

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

რეგისტრაცია 89 პარლამენტის წევრმა გაიარა. სხდომა უხუცესმა პარლამენტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ გახსნა.

პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.

კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ – 19 მანდატი (11, 03%), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ“ – 16 მანდატი (10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის“- 12 მანდატი (7,78%).

პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩია.

შალვა პაპუაშვილის არჩევას პარლამენტის 88 წევრმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

შალვა პაპუაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აირჩიეს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრად.

2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხოლო 2021 წლის 31 მარტს – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2021 წლის 29 დეკემბერს შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია

მე-11 მოწვევის პარლამენტმა პირველ სხდომაზე 16 კომიტეტის თავმჯდომარე აირჩია.

დეპუტატებმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაულს დაუჭირეს მხარი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გივი მიქანაძე აირჩიეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაია ბითაძეს დაუჭირეს მხარი;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს – ირაკლი ზარქუა; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს – ლევან მახაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს – ალექსანდრე ტაბატაძე; იურიდიულ საკითხთა კომიტეტს – გიორგი კახიანი; კულტურის კომიტეტს – გიორგი გაბუნია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს – ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს – ნიკოლოზ სამხარაძე.

რაც შეეხება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით მათიკაშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძეს დაუჭირეს მხარი. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი ზაზა ლომინაძემ დაიკავა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს, შემდეგ კი მას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას კი პარლამენტის ახალი წევრი არჩილ გორდულაძე დაიკავებს.

საპარლამენტო კომიტეტებმა თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს

XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა საორგანიზაციო სხდომები გამართეს, სადაც კომიტეტების დებულებები დაამტკიცეს. კომიტეტების სხდომებზე საკადრო საკითხებზეც იმსჯელეს და კომიტეტების თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს. კერძოდ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებმა თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კი ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტმა ირაკლი ხელაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ შოთა ხაბარელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ ბოჟაძე, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ალუდა ღუდუშაური აირჩიეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი მარიამ ლაშხი იქნება.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მხარი გივი ჭიჭინაძის კანდიდატურას დაუჭირა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ კახაძე აირჩია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი ეკა ჭიჭინაძე იქნება.

რაც შეეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით შერაზადიშვილი აირჩიეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

ინფორმაციისთვის: აღსანიშნავია, რომ პარლამენტის პირველ სესიას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული