,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით:
,,ლეიბორისტული” პარტიის 12 წლიანი ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის დასასანქცირებლად, როგორც არაერთხელ მოგახსენეთ, არჩევნების წინ, ამ რთველის ჟამს გვირგვინდება დიდი ისტორიული – ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვებით.
ოლიგარქ ივანიშვილის პერსონალურ დასანქცირებასა და მისი ქონების კონფისკაციაზე ვაშინგტონს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, მიღებული აქვს. როდის გამოაცხადებენ, ეს უკვე ამერიკის მთავრობის გადასაწყვეტია.
ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, რადგან არავის ისეთი საფრთხის წინაშე საქართველო არ დაუყენებია ბოლო ათწლეულებში, რაც ჩაიდინა ვაი ქართველმა ოლიგარქმა პუტინის მიერ გამოგზავნილმა, რომელმაც მოინდომა დაენგრია სახელმწიფოებრიობა და აეცდინა ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი გეოპოლიტიკური განვითარების ობიექტური გზისთვის.
მე მივმართავ ,,ქართული ოცნების” ლიდერებს – არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში! უარი განაცხადეთ ოლიგარქის მარიონეტობაზე, გაიქეცით ბაბილონიდან, როგორც ბიბლია გეუბნებათ, სანამ დროა ჯერ კიდევ!
ვპირდებით ჩვენს ხალხს, როგორც ეს დაპირება, ივანიშვილის სანქცირებაზე, შევასრულეთ, ასევე, მივაღწევთ იმას, რომ, მისგან, მოპარული მილიარდიანი ქონება, გადაეცემა მის მიერ მოტყუებულ ხალხს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე