განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში შეფასებით ანალიზს აკეთევს არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით:
,,საქართველოში, ჩემი დაკვირვებით, არის სამი პოლიტიკური იდენტობა, რომელიც ხალხის დიდი ნაწილისთვის შედარებით გასაგებია: ესაა ,,ნაცები”, ,,ქოცები” და „არც ნაცები გვინდა და არც ქოცები“, ანუ „შუაშისტები“.
თუ „ედისონ რისერჩს“ ვენდობით (ვინც არ ენდობა, უფრო სანდო მოიყვანოს), ელექტორატი დაახლოებით ასეა გადანაწილებული: ,,ქოცები” – 35%, ,,ნაცები” (სრული თუ ყოფილი) – 30%, შუაშისტები – 20%, დანარჩენი – 15%. შეიძლება სხვა კვლევამ ცოტათი განსხვავებული რიცხვები დადოს, ან დროთა განმავლობაში პროცენტების გადანაწილება რამდენადმე შეიცვალოს, მაგრამ პრინციპულად ამ რეალობაში ვართ.
„დანარჩენშიც“ არსებობს პატარ-პატარა იდენტობები, მაგრამ ეს გაცილებით მცირე მასშტაბია და მათ მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში აქვთ 5%-ის გადალახვის შანსი (ჩემი აზრით, არცთუ დიდი, თუმცა გამორიცხული არაფერია).
რაკი პოლიტიკური კლასი წესით ხალხის ხედვებიდან უნდა ამოდიოდეს, ამ ეტაპზე ჯანსაღი ვითარება მგონია, თუ ამომრჩევლებსაც ამ სამ ჯგუფს შორის ექნება ასარჩევი, თუმცა ამ ეტაპზე ამის სრულად მიღწევა ძნელია. თუ შედგა შუაშისტების გაერთიანება, რომლის კონტურები თითქოს გამოიკვეთა, ეს იქნება ლოგიკური და მისასალმებელი ნაბიჯი. თუმცა გადაწყვეტილი არაფერია – „ლელო“ და „ახლებიც“ თითქოს ერთიანდებოდნენ, მაგრამ ბოლოს ეს არ გამოვიდა (რომ გამოსულიყო, იმასაც მივესალმებოდი, თუმცა ხაზარაძე-გახარია შეიძლება უფრო ლოგიკური იყოს)”, – წერს გია ნოდია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე