,,სტრატეგია აღმაშენებლი“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიში პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საარჩევნო კომისიის მიერ შეტანილ სარჩელზე, რომლის პროცესიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა:
,,საარჩევნო კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ პოლიტიკურ უფასო რეკლამას, რომელიც გვაქვს კანონის მიერ მონიჭებული, არ ვიყენებთ შესაბამისად, რაც არის სრული აბსურდი მათი მხრიდან. ეს არის იმის ასახვა, რაც დაანონსა ბიძინა ივანიშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებს საერთოდ ბოლო მოუღოს ოპოზიციური პარტიების არსებობას საქართველოში. ეს არის სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯი.
დღევანდელ პროცესზე ჩვენ მოვისმინეთ ყველაზე უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებები, რაც კი შეიძლებოდა მოგვესმინა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით და დავინახეთ ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, მედიის მაკონტროლებელი ორგანო და სასამართლო, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მოქმედებს ერთი კაცის დირექტივით. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება’’.
თუმცა, ჩვენ არ გვეშინია და აუცილებლად ვიბრძოლებთ, როგორც არ უნდა ეცადოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ინსტიტუტები, რომ ჩვენ რაიმე ზიანი მოგვაყენოს, აგვიკრძალოს და ა.შ. არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგანაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ ეს ავტორიტარიზმი, რაც დღეს ჩვენ სახელმწიფოში არის!
აუცილებლად, 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.
ინფორმაციისთვის: საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას 18 სექტემბერს გამოაცხადებს.