ოთო ფურელიანი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ავტომობილების ბაზარზე სადილერო ბიზნესში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
“თუ დღევანდელ მონაცემებს შევადარებთ რეგიონში ავტომობილების გაყიდვის საშუალო მაჩვენებლებს, ბაზარზე აქტივობა შემცირებულია. გარკვეულ ეტაპზე მიწოდებამ გადააჭარბა მოთხოვნას, რასაც შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ახსნა:
ერთ-ერთ მიზეზად დავასახელებდი უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებლის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას საქართველოს, როგორც გამტარი აქტორის, მიმართ. ამ პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე დილერებმა შეიძინეს დიდი რაოდენობის ავტომობილები. თუმცა, მანქანების ჩრდილოეთით რეექსპორტის მოთხოვნა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და სტანდარტულ ნიშნულთან შედარებით შემცირდა კიდეც. ამასობაში, ქვეყანაში შემოსული ტვირთი გადაჭარბებული აღმოჩნდა და ბაზარი გადაიტვირთა.
გარდა ამისა, ხაზგასასმელია მეორე, კიდევ უფრო მნიშნელოვანი ასპექტი: სადილერო ეკოსისტემაში საგრძნობლად გაიზრდა ყაზახი ავტოდილერების წილი, რომელთაგან ბევრი დღეს უკვე ადგილობრივი დილერებისგან დამოუკიდებლად შეისყიდიან ავტომობილებს. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართველი დილერების მხარდაჭერას, მხოლოდ ლოგისტიკური კომპანიის მიერ ეს პროცესები მარტივად კონტროლირებადი არაა.
თუმცა, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ მალე დარეგულირდება მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და ბაზარი მზარდ კალაპოტს დაუბრუნდება”, – აცხადებს ოთო ფურელიანი.