სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ხელისუფლება ეცდება ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების პროცესის იმიტაცია შექმნას

ოპოზიციური ძალები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ, „100/50“-ზე საარჩევნო სისტემას არ თანხმდებიან. შეგახსენებთ მოლაპარაკების პროცესის მას შემდეგ ჩაიშალა რაც უზენაესმა სასამართლომ შალვა თადუმაძის თავჯდომარეობით „ევროპული საქართველო“-ს ლიდერს გიგი უგულავს, ერთი და იმავე საქმეზე, რიგით მესამედ პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციური ძალები არ აპირებენ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების წარმოებას. ძნელი არ არის მათი პოზიციის გაგება. მარტივი ლოგიკა გვკარნახობს, რომ ვისაც საერთო კონსენსუსის მიღწევა სურს, იგი მოლაპარაკების მაგიდასთან ხელის გადაწევის მეთოდს არ იყენებს. მმართველი პოლიტიკური ძალა კარგად ხვდება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურება და სამათლიანობა ეჭვს ქვეშ დადგება, თუ შემოდგომამდე ოპოზიციურ ძალებთან საერთო ენას ვერ გამონახავს.

რა არის ამ უნდობლობის მიზეზი. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ იგი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ გაცემულ პირობას არ ასრულებს. აი რას სწერს ამის თაობაზე აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი: “დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაიჭირეს. მას 38 თვე მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელი უკვე მოიხადა. მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ ეს უბრალოდ გვაწუხებს. სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა”. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი კრიტიკულად აფასებს წინასაარჩევნო გარემოს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის ციხეში გაშვებას ეჭვის თვალით უყურებს და აღიქვამს მას, როგორც ოპონენტებზე პოლიტიკურ დევნას. როგორც ვიცით მსგავსი კრიტიკული დამოკიდებულებით საქართველოს მთავრობის მიმართ აშშ-ს სხვა კონგრესმენებიც გამოირჩევიან. როგორც ვიცით ბოლო დროს ძალიან გამკაცრდა ჩვენი ხელისუფლების მისამართით ამერიკელი კანონმდებლების განცხადების ტონი. ბოლო დროს წერილების სერია აშშ-ს კონგრესიდან შეჩერდა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. პარლამენტის თავჯდომარის ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ მიიღო რეკომენდაცია, რომ მოლაპარაკება საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ჩიხში ქართულმა ოცნებამ შეიყვანა თავისი გადაწყვეტილებებით, დაუყოვნებლივ განახლებულიყო. თუ ასე არ მოხდება ჩვენ კიდე უფრო მკაცრ განხადებებს მოვისმენთ ამერიკელი კანონმდებლებისგან, ოღონდ გაფრთხილების ნაცვლად მათგან რეალურ ნაბიჯებსაც ვიხილავთ.

სახელისუფლებო პარტია არასახარბიელო მდგომარეობაშია. მის მიერ გაკეთებული ყველა პოლიტიკური სვლა მისთვისვე დამაზიანებელი იქნება. განვიხილოთ მოვლენათა განვითარების შესაძლო, ძირითადი ვარიანტები.

1) ოპოზიციურ ძალებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ამისათვის ხელისუფლებამ სულ მცირე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები უპირობოდ უნდა გაანთავისუფლოს და მომავალი არჩევნები „130/20“-ის პრინციპით, ანუ პრაქტიკულად პროპორციული სისტემით უნდა ჩაატაროს. რას მოუტანს მას ეს დათმობები? ამ გადაწყვეტილების დივიდენდი ის იქნება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაკარგულ ნდობას ნაწილობრივ აღიდგენს, ისიც იმ პირობით, თუ არჩევნებს ობიექტურად, გაყალბების გარეშე ჩაატარებს. სამაგიეროდ მოუწევს ოფიციალურად იმის აღიარება, რომ პოლიტიკური მოტივით, უკანონოდ ჰყავდა საკუთარი მოქალაქეები საპატიმროებში გამომწყვდეული. ამ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ამომრჩევლების ეგრეთწოდებული „შუაშისტური“ ნაწილი მას მხარს აღარ დაუჭერს. მეორე უარყოფითი შედეგი რაც მისმა ამ გადაწყვეტილებმა შესაძლოა მოუტანოს და რისიც მას ყველაზე ძალიან ეშინია არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის პირობებით დაბრუნებას, საკუთარი ამომრჩეველი მას სისუსტედ ჩაუთვლის. ამ შემთხვევაშიც არსებობს ხმების დაკარგვის დიდი რისკი. მეტიც ასე, რომ არ იყოს, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ვერ ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას. საქმეს არ შველის ოცივე მაჟორიტარული ოლქის მოგებაც. ანუ პირველი ვარიანტი მართველი ძალისთვის ოპოზიციასთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა წამგებიანია, მაგრამ პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების მიზნით აუცილებელია.

2) სახელისუფლო ძალა მოსალაპარაკებლად დათმობებზე არ მიდის, იყენებს ადრე ნაცად მეთოდს და დემონიზებას უკეთებს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ძალას. „ქართულ ოცნებას“ IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევებით „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მხოლოდ 39% აქვს, ხოლო პროდასავლურ ოპოზიციას – 55%. ასევე ბიძინა ივანიშვილს პოზიტიურად აფასებს 43%, ხოლო მიხეილ სააკაშვილს 50%. ფაქტია, რომ „მე თუ არ ამირჩევთ სააკაშვილის ხელისუფლება დაბრუნდება“ – ეს მოდელი ამომრჩეველზე ისე აღარ მოქმედებს როგორც ეს 2016 წლის და თუნდაც 2018 წლის არჩევნების შემთხვევაში იყო. მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკური დაპირისპირებით. ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა დადებითი საარჩევნო დღის წესრიგია. აინტერესებთ სამომავლოდ პარტიები პოზიტიურს რას სთავაზობენ. მაგალითად როგორ შეიძლება უმუშევრობის, სიღარიბის, ინფლაციის დამარცხება და ა.შ. როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის სფეროების რეფორმირება და სხვა.

3) სახელისუფლო ძალამ პოზიტიური საარჩევნო კამპანია შესთავაზოს ამომრჩეველს და კონკურენტულ საარჩევნო გარემოში შევიდეს ოპოზიციასთან ჭიდილში. ამ სიტუაციაში მართველმა პარტიამ ამომრჩეველს პოზიტიური საარჩევნო კამპანია უნდა შესთავაზოს, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. რადგან, ერთი, რომ არაფრის შეთავაზების თავი არ გააჩნიათ და მეორე, რომც შესთავაზონ ისეა გაიცვითილი მათი დაპირებები, რომ ამომრჩეველი არ დაიჯერებს. მეტიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მმართველი პარტიისთვის ყოველთვის მომგებიანი იყო მოსახლეობის შიშებით მანიპულირება, ვიდრე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება.

4) ოპოზიციური ფლანგის დაშლა, გათიშვა და სიტუაციის ესკალაცია, დაძაბვა – „ქართულ ოცნების“ მთავარი ამოცანაა დღეს ბზარი შეიტანოს ოპოზიციული პარტიების ერთიანობაში. თუ სრულ დაშლას და გათიშვას ვერ მიაღწევს, იმდენი მაინც შესძლოს, რომ რამოდენიმე დაბალრეიტინგული პარტია გადაიბაროს და მათთან ერთად საზოგადოების თვალში მოლაპარაკების პროცესის იმიტაცია შექმნას. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლებასთან ამ გარიგებაში შესვლა მათთვის პოლიტიკური გარდაცვალების ტოლფასი იქნება.

სახელისუფლო ძალამ ჩიხურ მდგომარეობამდე საკუთარი თავი, უმწიფარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მიიყვანა. დიდი ალბათობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მას დიდი კრახი ემუქრება. თუ არჩევნების გაყალბებას ხელისუფლება მაინც გაბედავს საზოგადოება ამ თვითნებობას მას არ აპატიებს. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა. მმართველ ძალას ეყოფა თუ არა კეთიგონიერება, რომ მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ხელისუფლება მშვიდობიანი ფორმით ოპოზიციურ ერთობას გადააბაროს. თუ ქვეყნის იმიჯს საკუთარ ინტერესებს გადააყოლებს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული