“არ მეგულება მსოფლიოში რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის მმართველი პარტია, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდება, არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას და ამისთვის სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“, – განაცხადა კოალიცია ,,ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით მმართველ პარტიას ქვეყანა ქაოსისა და დაპირისპირებებისკენ მიჰყავს:
,,ის, რაც ქართული ოცნების ლიდერებისგან მოვისმინეთ ისევ წარსულზე საუბარი, ისევ ოპონენტებზე შეტევა და არანაირი იმედი, სამომავლო პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ერთიანობაზე იყოს ზრუნვა და გლობალური გამოწვევების თუ შიდა პოლარიზაციის მოგვარება მოხდეს.
ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანას, არა ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება სჭირდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესშია, არამედ სჭირდება ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი და გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები, იქება ეს პენსია,მომუშავე ადამიანების შემოსავლები, ემიგრაციის შეჩერება, ინვესტიციების მოზიდვა,ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება.
სწორედ ამისთვის საჭიროა დასავლეთთან სწრაფი ინტეგრაცია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამგვარად ქვეყნის გაძლიერება, სხვა გზა მხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროებში დაგვტოვებს და სწორედ ეს არის რეგრესის და სახელმწიფოებრივი დაკნინების საფუძველი.
ამიტომ არჩევნებზე საზოგადოების მაქსიმალურმა აქტივობამ, ოპოზიციური ხმების კონსოლიდაციამ მმართველობის ოლიგარქიული მოდელის აუცილებელი ცვლილება უნდა მოიტანოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს