,,ერთიანობის” წევრი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი კუპატაძე, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი/დაანონსებული საარჩევნო კამპანიისა და საარჩევნო პროცესში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ:
,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა, იქნება დაძაბული და ძალადობით დატვირთული. ეს არის მოსალოდნელი და პრინციპში ამას აანონსებენ კიდეც, რომ ეს იქნება ძალადობით სავსე კამპანია.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, როგორ დევნიან ადამიანებს, მათ შორის, იმ ადამიანებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ორთვიანი საპროტესტო აქციების ფარგლებში იყვნენ აქტიურები.
ჩვენ ვხედავთ ადამიანების სასამართლო პროცესებს, დახვედრებს, ცემას შუა ქუჩაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ვიფიქროთ ,,ქართული ოცნება” არ შეცვლის ხელწერას და გააგრძელებს მის ძალადობრივ კამპანიას.
გულწრფელები, რომ ვიყოთ რა აქვთ მათ სხვა?! რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას?! მათ არ აქვთ არანაირი ხედვა, დაპირება, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მათი არცერთი დაპირება არ სრულდება.
შესაბამისად, ერთადერთი რამ, რაც მათ დარჩენიათ არის ძალადობა, იმის იმედით, რომ საზოგადოება დაშინდება და მიიღებენ იმ სასურველ შედეგს, რომელიც სურთ.
მაგრამ გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არცერთ ხელისუფლებას ჩვენ ქვეყანაში ძალადობა არ გასვლია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის შეშინებას ვერც ,,ქართული ოცნება” ვერ შეძლებს. ქართველი ხალხის ნება ამ არჩევნებზე იქნება გამოხატული, რომელთა ნებაც ცალსახად არის ის, რომ ,,ქართული ოცნება” წავიდეს, თუკი ჩვენ გვინდა, რომ დასავლურ განვითარების რელსებზე დავბრუნდეთ.
შესაბამისად, მე მჯერა, რომ მიუხედავად ძალადობისა, დახვედრებისა და უამრავი სხვა დაბრკოლებისა ,,ქართული ოცნება” მაინც დამარცხდება ამ არჩევნებში და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი კუპატაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი