ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

რა ეტაპზეა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება?

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას შეხვდნენ.

შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ფატუ ბენსუდას და მის გუნდს წინსვლა აქვთ გამოძიებაში და კვლავ გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონი პროკურორი და მისი გუნდი ხედავენ პროგრესს გამოძიებაში და ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ მის გამომძიებლებს, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს.

როგორც ყოველ წელს, ახლაც, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ქალბატონ ბენსუდას, რომელიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი და უკვე რამდენიმე წელია მიყავს გამოძიება აგვისტოს ომის საქმეზე.

ქართული მხარე თანამშრომლობს მასთან, იმისათვის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ამ საქმეზე იქნას დეტალურად გამოძიებული. ეს პრიორიტეტები ჩვენი მხარისთვის არის ქართველების ეთნიკური წმენდა აგვისტოს ომის დროს და რა თქმა უნდა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და არაერთ შემთხვევაში წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიებაში პროგრესი არის და საქართველოსთანაც აქტიურად თანამშრომლობენ. თუმცა გამოძიების დეტალების შესახებ, ამ ეტაპზე, საუბარი არ შეუძლია.

ვცდილობთ აუცილებელი მტკიცებულებების მოპოვებას. ამ მხრივ ბევრი გამოწვევა არსებობს, თუმცა გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი.

გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაციას ვერ გავამხელ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა საქართველოს მხარესთან, ჩვენ ვცდილობთ გამოვნახოთ გზები და მოვიპოვოთ საჭირო მტკიცებულებები,“ – განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ამ დარგის სპეციალისტები კი დიდ შრომას დებენ სასამართლოს წინაშე დასრულებული გამოძიება იყოს მტკიცებულებებით გამყარებული და რაიმე კითხვის ნიშანი არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ნაცვლად საქმეს ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ჩვენი ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შეძლონ და აგვისტოს ომის დროს უფლებების მასობრივი დარღვევები, რაც ეთნიკურად ქართველებს ხვდათ წილად, წარმატებით და დეტალურად გამოიძიონ.

საუბარი იყო იმაზე, რომ როგორც ნებისმიერი პროკურორის, მით უმეტეს დარგის სპეციალისტის მიზანია, როდესაც გამოძიებას დაასრულებს, პირველ შედეგებს დადებს და სასამართლოს წინაშე გადაგზავნის საქმეს, ის იყოს მტკიცებულებებით გამყარებული რათა პროკურორმა, როგორც ბრალდების მხარემ, მოსამართლეების წინაშე საქმის დაცვა შეძლოს.

მან გაგვიზიარა, რომ მისი მიზანია, როდესაც პირველ შედეგებს დადებს, საქმე იყოს მტკიცებულებებით გამყარებული და არ არსებობდეს ეჭვი, რომ ქართველების ეთნიკურ წმენდაზე და ჩვენი სამხედროების უფლებების დარღვევებზე დარგის მოსამართლეებს რაიმე კითხვის ნიშნები გაუჩნდებათ. ეს თავიდანვე უნდა გამოირიცხოს. რა თქმა უნდა, მისი სამუშაო არის კომპლექსური და საკმაოდ მძიმე, რაშიც ჩვენ მას ხელს ვუწყობთ”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული