პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სააგენტო ,,პარალელის” ჟურნალისტთან კომენტარში საუბრობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისა და მათი სავარაუდო პოლიტიკური მიზნების შესახებ:
,,ოპოზიცია ძირითადად ,,ნაციონალური მოძრაობის” დაშლილი ნაწილებით არის წარმოდგენილი. ისევ ჩვენი მთავარი კონკურენტი, სამწუხაროდ, არის კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობა”. მიუხედავად იმისა, რომ აქვთ სხვადასხვა ნომერი, სხვადასხვა ფერის შეფუთვა, ეს პარტიები ძირითადად არიან ,,ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგის გარშემო გაერთიანებული.
ეს დღის წესრიგი გულისხმობს დესტრუქციას, არჩევნების წინასწარ გამოცხადებას არალეგიტუმურად, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობას, თუ ეს დასჭირდათ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამას ხედავს საზოგადოება.
დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებშიც ჩვენი მოქალაქეები სწორ პოზიციას დაიჭერენ, მხარს დაუჭერენ ,,ქართულ ოცნებას”, მშვიდობას და მომავალს, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, კეთილდღეობაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე არის დაფუძნებული.
ჩანს, რომ პროცესზე არის მნიშვნელოვანი ზეგავლენა გარედან. ამ პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ ,,ლობისტები”, პატრონები, რომლებიც მათ უთითებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. თუ მათ ექნებათ დავალება, გაერთიანდნენ – გაერთიანდებიან, თუ ექნებათ დავალება, რომ ცალცალკე გავიდნენ არჩევნებში – ასე გააკეთებენ.
ვხედავთ, რომ პრინციპების, იდეების გარშემო არ მიმდინარეობს მათ შორის რაიმე შეთანხმება, დისკუსია, არამედ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – ეს არის პოლიტიკური შურისძიება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორები
ალექსანდრე ლეჟავა
ნინი ხიჯაკაძე