ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ქუთექსის” ყოფილი თანამშრომლები სამართლიანობის მოლოდინში

უკვე 8 თვეა, რაც ქუთაისში ტექსტილის კომპანია “ქუთექსის” 84 თანამშრომელი კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს. საწარმოს, რომელიც მოულოდნელად დაიხურა თურქი მეპატრონე ჰყავდა. მან სამკერვალოს დახურვის მიზეზად კომპანიის გაკოტრება დაასახელა და ქვეყანა დატოვა. გაურკვევლობაში დარჩენილმა თანამშრომლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა სამართალი ვერც იქ იპოვეს და გადაწყვიტეს აქციები დაეწყოთ. ამჯერად ისინი ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

როგორც ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, საწარმოს ადმინისტრაციამ მათთან კონტაქტი გაწყვიტა, სასამართლო პროცესი კი დროში საეჭვოდ გაიწელა.

ვითხოვთ დაჩქარდეს სასამართლო პროცესი და მოგვცენ ის ანაზღაურება, რაც გამოვიმუშავეთ. სარჩელი შეტანილი გვაქვს გაუცემელ ხელფასებზე, დანაკლისებზე, კომპენსაციასა და საშვებულებო თანხაზე,“ – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა შორენა კოჩაძემ.

ტექსტილის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ”. ირაკლი მხეიძის თქმით, “ქუთექსის” თანამშრომლების მოთხოვნა სამართლიანია, რადგან მათი სარჩელი 7 თვეა თაროზეა შემოდებული, როდესაც შესაძლებელია მსგავსი საქმის 3 თვეში განხილვა.

კომპანია ცდილობს, ხელოვნურად გააკოტროს “ქუთექსი”, ამაში ჩართულია ადმინისტრაცია და ისინი ცდილობენ, იძულებით აღსრულების დროს აუქციონზე არაადეკვატურად იაფად შეიძინონ თავისივე ქონება და ამ ადამიანების ქონება დარჩეს აღუსრულებელი. ამავე დროს, კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად და თქვან, რომ აღარ აქვთ სახელფასო ანაზღაურების შესაძლებლობა,” – აღნიშნავს ირაკლი მხეიძე.

ჩვენ საწარმოს ადმინისტრაციასთან დაკშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც ცნობილია დირექტორი 2019 წელს საწარმოს დახურვიდან რამდენიმე დღეში თურქეთში გაემგზავრა. ივლისის თვიდან კი საწარმოს სხვა თანამშრომელებიც არ გამოჩენილან.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული