შაბათი, აპრილი 20, 2024

ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, ეს კატასტროფაა – გოგი წულაია

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ მერიასთან პერფორმანსის გამართვა სცადა. პოლიტიკოსს მერიის წინ ცეცხლის დანთება და ამით ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გაპროტესტება სურდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს. მათ გოგი წულაიას მერიის შენობასთან მიტანილი შეშა და ქოლგა წაართვეს და განმარტეს, რომ ასე უსაფრთხოების დაცვის მიზნით იქცევიან.

გოგი წულაიას თქმით, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და მოქალაქეებისათვის ელემენტარული პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფენ.

ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, პური არ ცხვებოდეს, არ იყიდებოდეს, საბავშვო ბაღები და სკოლა იკეტებოდეს, გაზი და დენი არ იყოს, ეს არის კატასტროფა. მინდოდა ცეცხლი დამენთო და მოსახლეობისათვის მომეწოდებინა მოსულიყვნენ და გამთბარიყვნენ, რადგან უნიათო მერს არ შეუძლია მათი უზრუნველყოფა,” – განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისში მეორე დღეა თოვს. უამინდობისა და ყინვების შედეგად დაზიანების გამო 44 ათასამდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება, ელექტროენერგიაც გათიშულია. ქალაქის სკოლებისა და ბაღების ნაწილში კი სწავლა შეწყდა.

ა(ა)იპ სპეციალური სერვისები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული