ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კონკრეტული შედარება-შეფასებებით ეხმაურება:
“განა ასე ძნელია ვნების კვირაში მიმდინარე მოვლენების საკრალური მნიშვნელობის დანახვა?
განა ასე ძნელია იმის დანახვა, თუ ვინ განასახიერებს ამ პროცესში იუდას, პილატეს და ფარისევლებს?
განა ასე ძნელია იმის დანახვა, თუ სად არის ჭეშმარიტი რწმენა აღდგომის, განწმენდის, უკეთესი მომავლის, რომელიც ტანჯვით მაგრამ შეუქცევადად იბადება ზუსტად ამ კვირაში?
განა ძნელია იმის დანახვა, რომ ფარისევლის პირიდან ნათქვამი – “ მამული, ენა, სარწმუნოება”, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია?
განა არსებობს სარწმუნოება მამულის გარეშე, რომელსაც გვაკარგვინებს მავანი და რომელსაც ასე შეუპოვრად იცავს უკეთესი მომავლის რწმენით აღსავსე მომავლის საქართველო?
ჭეშმარიტი ღმერთი თავისუფალ, უკეთესი მომავლის რწმენით აღსავსე ხალხშია და არა “ფარისევლების მეომრებსა და მსახურებში”…
1989 წლის 9 აპრილს ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის წინაშე მერაბ კოსტავამ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა – “ჩვენთან არს ღმერთი!”
ისტორია მეორდება და მეც რწმენით ვარ აღსავსე, რომ ამჯერად ნათელი მომავალი ჩვენი შვილების ხელით საბოლოოდ დაამარცხებს მანკიერ წარსულს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.