ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
,,გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე – სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება. ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.
ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელების ზურგს ან თანამდებობას ისე, როგორც დღეს ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც ბასიანის მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.
ახლაც ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება – ეს იქნება ევროპის დედაქალაქები, პარლამენტი და თუნდაც – ქუჩა.
ივანიშვილისთვის მიმართვას უკვე აზრი აღარ აქვს. ამიტომ მივმართავ პოლიციელებს: თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული და არა – პარტიის. ესენი თქვენს ზურგს უკან დაიმალებიან, მომავლის საწინააღმდეგოდ პირისპირ დაგტოვებენ ხალხთან. არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან.
მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში – ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად და დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ამიტომ, მოდით, ერთიანი ძალისხმევით დავაბრუნოთ საქართველო ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე.
ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა: მიიღებს ივანიშვილი ამ კანონს თუ არ მიიღებს, უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. ჩვენ კი ერთად, ყველამ 26 ოქტომბერს უნდა დავაბრუნოთ ეს ქვეყანა და დაბრუნებეთ ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე