პარასკევი, აპრილი 19, 2024

ბრძოლის ეფექტური სტრატეგიების დანერგვით კიბოს დამარცხება შესაძლებელია – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ონკოლოგიის მართვის ცენტრის” დაარსების მნიშვნელობაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცენტრი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის გაძლიერებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სკრინინგული პროგრამების ეფექტურობის გაზრდას, სამედიცინო პროფესიონალების განათლებას, ქვეყანაში უახლესი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების დანერგვას ხელს შეუწყობს:

“4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა 🎗️

ეს დღე აღინიშნება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მისი პროფილაქტიკის, გამოვლენის და მკურნალობის ხელშესაწყობად.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, გასულ წელს გლობალურად კიბოს 18,1 მილიონი ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 9,6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

მსოფლიოში ყოველი ხუთი მამაკაციდან ერთს და ექვსი ქალიდან ერთს სიცოცხლეში ოდესმე უვლინდება ონკოლოგიური დაავადება, ხოლო 8 მამაკაციდან ერთი და 11 ქალიდან ერთი იღუპება სწორედ ამ დაავადებებით.

კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა 70% დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღირიცხება.

საქართველოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ავადდება ონკოლოგიური დაავადებებით.

სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად დაბალია სკრინინგული პროგრამებით მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი, ხოლო გვიან სტადიებზე დიაგნოსტიკის მაჩვენებელი მაღალია.

სწორედ კიბოს დასამარცხებლად დავაარსეთ “ონკოლოგიის მართვის ცენტრი”.

ცენტრი ხელს შეუწყობს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციის გაძლიერებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სკრინინგული პროგრამების ეფექტურობის გაზრდას, სამედიცინო პროფესიონალების განათლებას, ქვეყანაში უახლესი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების დანერგვას.

ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვით, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდით, სკრინინგულ პროგრამებში ჩართულობით და კიბოსთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიების დანერგვით, კიბოს დამარცხება შესაძლებელია.

ამ პროცესში ყველა ადამიანის, ორგანიზაციის თუ ხელისუფლების ჩართულობის გზით, ადრეულ ასაკში კიბოთი გარდაცვალების რიცხვი, 2025 წლისთვის 25%-ით შემცირდება და ყოველწლიურდ 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა შეიძლება.

ასე რომ, დადგა დრო, ყველანი გავერთიანდეთ და ეს მართლაც უმძიმესი დაავადება ყველამ ერთად დავამარცხოთ!

ნუ შეგეშინდება! ჩაიტარე სკრინინგი! ერთად დავამარცხოთ კიბო!” – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული