ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების შანსებსა და ბაიდენის ფაქტორზე მსჯელობს განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია:
“ძალიან საინტერესო ვითარებაა ამერიკელ დემოკრატებში. საჯაროდ პარტია გაერთიანებულია ჯო ბაიდენის გარშემო, მაგრამ სინამდვილეში პარტიის ელიტა პანიკაშია და თვლის, რომ ბაიდენი განწირულია წასაგებად. მთავარი მიზეზია მისი ასაკი (მერე რა, რომ State of the Union გამოსვლა საკმაოდ კარგი ჰქონდა).
ამიტომ, ანონიმურად თუ გამოკითხავ, ყველა გავლენიანი დემოკრატი ოცნებობს, რომ ბაიდენმა თავად თქვას უარი ნომინაციაზე და ახალი კანდიდატი აგვისტოში, უშუალოდ დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე (Convention) გაირკვეს. ამით საფუძველი გამოეცლება სიბერის ფაქტორს (პირიქით, ახალგაზრდა და ენერგიული დემოკრატი კანდიდატი დაუპირისპირდება ბებერ ტრამპს). ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება უაღრესად არაპოპულარული კამალა ჰარისი. ახალი კანდიდატი აღარ იქნება პასუხიმგებელი საზღვრის კრიზისზე – რაც, ასაკის გარდა, მთავარი არგუმენტია ბაიდენის წინააღმდეგ.
მაგრამ ეს ოცნება მხოლოდ ბაიდენის პირადი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეიძლება ახდეს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ბაიდენის ამაში დარწმუნება მხოლოდ მის ცოლს შეუძლია.
ასეთ რამეებზეა დამოკიდებული მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიის ბედი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.