,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობასა და გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით:
,,სანამ ქვეყნის შიგნით გარკვეული ძალები, უნიჭო სპექტაკლით, ცდილობენ პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოგვიდგინონ ოპოზიციურ ლიდერად, ამასობაში, აღნიშნულმა ქალბატონმა, მოიარა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც ყველა პლატფორმაზე იქადაგა ოლიგარქი ივანიშვილის გადასარჩენი პოსტულატები.
კერძოდ, რომ ,,იგი უკვე დაბრუნდა პოლიტიკაში და აღარ არის არაფორმალური მმართველი“, რის გამოც მისი დასანქცირების საკითხი დგას, რომ ,,პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში ეკისრება არა ოლიგარქს, არამედ პარლამენტსა და მთავრობას” – თითქოს ეს ორგანოები მამაჩემის მოყვანილი იყოს და არა ივანიშვილის მოთრეული. ხოლო შემდგომ, კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ,,რუსეთი ერევა საქართველოს საარჩევნო საქმეებში“, მაგრამ ვერ გაბედა დაეკონკრეტებინა, ვის სასარგებლოდ ერევა.
პლატფორმებზე, კულისებში და ცალკეულ შეხვედრებში – ეს ქალბატონი აგრძელებდა ყურში ფუჩუნს ევროპელი და მსოფლიო ლიდერებისათვის, რომ ,,ივანიშვილი არ არის ოლიგარქი“, ,,არ მართავს ქვეყანას დიქტატორული, არაფორმალური წესებით” და ,,მისთვის სანქციები არ იქნება სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის“.
აი, მთელი ამოცანა, რაც მდგომარეობდა პრეზიდენტის მიუნჰენურ ვოიაჟში მაშინ, როდესაც მას შეეძლო საქართველოს ახალი ისტორია დაეწერა ამ კონფერენციიდან, გამოსულიყო და მოეთხოვა ოლიგარქის დასანქცირება, ემხილებინა მოსკოვის ხელისუფლება – საქართველოს ოკუპაცია, ანექსია და საარჩევნო ჩარევებში, მოეთხოვა რეალური, ნამდვილი არჩევნები, სადაც 1 ხმა იქნება 1 ხმა და არა 1000 და საბოლოო ჯამში ყოფილიყო ქართული დემოკრატიის წარმომადგენელი ამ ფორუმზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე