დღეს უფლებადამცველებმა და ორგანიზაციებმა (ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარემ, მარინა ბერსენაძე-კაციტაძე, ააიპ ,,საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია“ თავმჯდომარემ, თემურ ლაჭყეპიანმა და ააიპ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების, თავმჯდომარემ ვახტანგ მამალაძემ) ერთობლივად მიმართეს საქართველოს პარლამენტს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნ მაია ბითაძეს, რათა შემუშავებული შენიშვნები-ცვლილებები შევიდეს კანონპროექტში ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც პარლამენტის კომიტეტებში უახლოეს დღეებში დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე:
,,ათი წელზე მეტია ვიბრძვით შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობისთვის და მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა მივაღწიეთ, თუმცა კანონპროექტი არ არის სრულყოფილი, არის არაერთი ლაფსუსი და ბუნდოვანი ჩანაწერი, რომელიც მანიპულაციების საშუალებას იძლევა და საჭიროებს შესწორებებს.
-
მაგალითად: ამოსაღებია ფრაზა სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება და მეპატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, რადგანაც ეს ახდენს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სტიგმატიზირებას, საზოგადოებიდან გარიყვას და დისკრიმინაციულია. პალიატიურ პაციენტსაც კი აქვს სრული უფლება ჰყავდეს შინაური ბინადარი ცხოველი და მისი ხანგრძლივი მძიმე ავადობა არ ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრე ვერ ახორციელებს მასზე მოვლა პატრონობას.
დავამატეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი.
-
მაგალითად: სპეციალური და სამედიცინო დანიშნულების შინაური ბინადარი ცხოველების, სახელმწიფო სუბსიდირების, ცხოველთა პოლიციის და ომბუდსმენის, ცხოველთა ორთაბრძოლების და სხვ. შესახებ.
საყურადღებოა ჩანაწერი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლის ნებართვა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე, რაც კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციურია, არღვევს კანონს საკუთრების უფლების შესახებ და ,,საქართველოს კანონს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ.
კანონის პროექტი ითვალისწინებს ცხოველთა უკვე სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელსაც მართავს – „სურსათის ეროვნული სააგენტო“. კანონპროექტში დეტალურად არის დასაკორექტირებელი ცოფით დაინფიცირების საკითხი, საეჭვო შემთხვევაში საჭიროა მისი საკარანტინე/საიზოლაციო დაკვირვება და დაუშვებელია გახდეს ევთანაზიის საფუძველი. ცოფი ის დაავადებაა, რომელიც ყოველთვის იძლევა სუბიექტური ინტერპრეტირების საშუალებას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიღების მიზანია შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო გარემოში, ხოლო აღნიშნულის მისაღწევად, აუცილებელია გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ – შინაური ბინადარი ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
სწორედ კანონპროექტის სრულყოფისთვის და შინაური ბინადარი ცხოველების უფლებების დასაცავად შევიტანეთ 113 კრიტიკული შენიშვნა ფაქტიურად ყველა მუხლში, მათ შორის, თავშესაფრების, ევთანაზიის, პოპულაციის მართვის, მონიტორინგის, ადვოკატირების, ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების, მიმკედლებლის, ვეტერინარული მომსახურების და სხვ.
იმედს ვიტოვებთ, რომ კანონის პროექტში „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ ცვლილებები შევა უახლოეს დღეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ მრავალრიცხოვანი აქციების ციკლს პარლამენტთან, რადგან არსებული ფორმით დისკრიმინაციული და ძალადობრივი კანონის მიღება, რომელიც ერთიანად ლახავს, როგორც მოქალაქეთა და მესაკუთრეთა უფლებებს, ასევე შინაურ ბინადარ ცხოველებს იმეტებს მასიური ხოცვისთვის, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საჯარო პრეზენტაცია გაიმართა ა.წ. 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტში.