რა სიკეთეს მოუტანს საოჯახო მეურნეობებს მთავრობის ახალი რეგულაციები?

62

საქართველოს მთავრობის ა/წ-ის 9 იანვრის N14 დადგენილებით დამტკიცდა სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი. აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს მცირე საოჯახო მეურნეობების აღრიცხვას, რომლებიც სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევიან არაორგანიზებულად.

არაორგანიზებულ საქმიანობას განეკუთვნება მცირე საოჯახო მეურნეობების საქმიანობა,  რომელთა წარმადობაც არ აღემატება:

  • 300 ფრთა ფრინველს და მისგან წარმოებულ ხორცს ან/და კვერცხს;
  • 10 ფუტკრის სკას და მისგან წარმოებულ თაფლს;
  • 30 სული ბოცვრისნაირს და მისგან წარმოებულ ხორცს;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისაგან მიღებულ რძეს და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5 სულს;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისაგან მიღებულ რძეს და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15 სულს;
  • 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე წარმოებულ სურსათს ან/და ცხოველის საკვებს,

დადგენილების თანახმად, თუ ოჯახური წარმოების სუბიექტი აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს, ის ვალდებულია:

  • რეგისტრაცია გაიაროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივ ფილიალში;
  • შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
  • ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;
  • უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა;
  • უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებ აცნობოს სააგენტოს;
  • შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
  • შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;
  • ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილებისას;
  • საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

აშკარა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დროულია და პასუხობს მოცემულ სფეროში არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია საზოგადოებას გვაღელვებს იმ სურსათის ხარისხი და უვნებლობა, რომელსაც აგრარულ ბაზრებში ვყიდულობთ და რითაც საკუთარ შვილებს ვკვებავთ. სიმართლე უნდა ითქვას ამ მხრივ სრული ქაოსია და განუკითხაობაა. ბევრი პროდუქტი უკონტროლოდ ხვდება დახლებზე. ამიტომ ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება საჭირო და დროული ნაბიჯია. მისასალმებელია ის მიდგომაც, რომ სანამ აგრარულ ბაზრებში პროდუქტი მოხვდება, მან კონტროლი საწყის ეტაპზევე უნდა გაიაროს. რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტიანი იქნება როგორც სოფლად საოჯახო მეურნეობებისთვისაც, ისე ქალაქში მომხმარებლისთვისაც. მაგრამ ყოვლად გაგეუგებარია, როგორ აპირებს მთავრობა და უშუალოდ კონკრეტული სამსახური აღნიშნული რეგულაციების ცხოვრებაში გატარებას.

დავიწყოთ იქიდან, რომ ვადები, რა ვადებშიც საოჯახო მეურნეობებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ წესში გაწერილი არ არის. შესაბამისად გაუგებარია აღნიშნული რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული სანქციები რა ვადებში ამოქმედდება. ან ვინ გააცნობს სოფლად მოსახლეობას მის მოთხოვნებს. ამისათვის მოგეხსენებათ საჭიროა საინფორმაციო კამპანიის წარმოება და შესაბამისი ფინანსები. ასევე გაუგებარია რა ფორმით მოხდება სოფლად მცხოვრები საოჯახო მეურნეობების ქონების აღწერა, ადგილზე თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ ფილიალებში. ყველა შემთხვევაში შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რაც დიდ ადამიანური რესურსების მობილიზებას მოითხოვს. თავის მხრივ ამ პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ხარჯების გამოყენება იქნება საჭირო, რადგან ჩვენი ინფორმაციით სააგენტოს ადგილობრივი კადრები ნამდვილად არ იქნება საკმარისი მოკლევადიან პერიოდში მსგავსი სამუშაო ჩასატარებლად. ამიტომ დასაზუსტებელია მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილების განსახორციელებლად თანხების მობილიზებას საიდან მოახდენს. ამ მიმართულებით ჩვენი რედაქცია მომავალში ეცდება ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვოს და მოგაწოდოთ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბუნდოვანია არის ის, რომ თუ აღრიცხვის პროგრამა მოკლევადიან პერიოდში არ ჩატარდება, პროექტი დაკარგავს თავის მნიშვნელობას. საოჯახო მეურნეობებზე მოპოვებული ინფორმაცია მოკლე დროში კარგავს მნიშვნელობას, რადგან მალე ძველდება. შესაბამისად პროგრამა დროში გაიწელება საერთო სურათი, რომელიც აღრიცხვის შედეგად უნდა მიიღოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არ იქნება რეალური.

ცალკე საუბრის თემა კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს შესაბამისი სამსახური უკუკავშირისთვის, რომელიც აღრიცხვის შემდეგ საოჯახო მეურნეობებთან უნდა დამყარდეს. მუდმივად საჭირო იქნება ინფორმაციის განახლება. ასევე დაავადებებით გამოწვეული რისკების მართვა და ინფორმაციის გადაცემა ოპერატიულ რეჟიმში თუ არ განხორციელდება ამ შემთხვევაშიც აღნიშნული პროგრამა დაკარგავს თავის მნიშვნელობას.

ეს და სხვა გადაუჭრელი საკითხები გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული რეგულაციების ავტორებს არ აქვთ კარგად გათვითცნობიერებული თუ როგორ უნდა მოხდეს მასში მოცემული მოთხოვნების ცხოვრებაში განხორციელება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ, როგორც ყოველთვის სოფლის მეურნეობის სფეროში დაიხარჯება ადამიანური და ფინანსური რესურსები, ხოლო სასურველ შედეგს ვერ მივეღებთ.

საკითხის გასარკვევად სამუშაო საათებში მივმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. სამწუხაროდ არავინ გამოსულა კონტაქტზე. გვინდოდა პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება, რომელიც კომპეტენტურ პასუხს გასცემდა ჩვენს შეკითხვებს. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ცხელ ხაზთან საუბრის შედეგად გავარკვიეთ, რომ რეგულაციები ამოქმედდა და თუ რეგისტრაციის გავლა გვინდა უნდა მივმართოთ სააგენტოს ადგილობრივ ფილიალს. ვადებთან დაკავშირებით მათაც არ აქვთ ინფორმაცია.

ალექსი ნონიაძე
სააგენტო პარალელის ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები