საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რეგისტრირებული დანაშაულის 9 თვის შედეგები. ეს მონაცემები ადასტურებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას.
როგორც სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა, სერიოზული მატებაა დანაშაულის საერთო რაოდენობაში. კერძოდ, გასული წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე წლის 9 თვეში დანაშაულის რაოდენობა გაზრდილია 16277-ით, მატება +59.04%. საერთოდ კი 2018 წლის 9 თვის განმავლობაში სულ ჩადენილია 43845 დანაშაული, მათგან გაიხსნა 15754, რაც შეადგენს 35.93%-ს.
გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი შემდეგი სახის დანაშაულები:
- განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ 19-109 მუხლი) – გასულ წელს 13 დანაშაული, მიმდინარე წელს კი – 28, დანაშაულის ზრდაა 115.38%-ით;
- ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული +4397 (114.24%);
- ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა +21 (262.5%). გასული წლის 9 თვეში – 8 დანაშაული, მიმდინარე წელს – 29;
- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ +1446 (271.8%);
- 353.1%-ით გაიზარდა მუქარის შემცველი დანაშაული. გასული წლის 9 თვეში ასეთი დანაშაულის სულ 290 ფაქტი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1314;
- მაღალია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის ზრდაც +7739 (76.79%).
არის ცალკეული დანაშაულები, რომელთა გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, კერძოდ:
- მიმდინარე წლის 9 თვეში საკუთრების წინააღმდეგ სულ ჩადენილი 17817 დანაშაულიდან გაიხსნა 4715 (26.46%);
- ბინაში შეღწევით ქურდობის 1744 ფაქტიდან მხოლოდ 242 გაიხსნა (13.88%);
- თავისუფლების უკანონო აღკვეთის 96 ფაქტიდან გაიხსნა 27 (28.13%);
- სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების 307 ფაქტიდან გაიხსნა 2 (0,65%);
- ასევე, იკლო განზრახ მკვლელობის გახსნის მაჩვენებელმა – შარშან 87.72%, წელს – 59.65%.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა ნარკოტიკული დანაშაული საერთო რაოდენობა – 396 ფაქტით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად 206.96%-ით გაიზარდა ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის ფაქტები – გასულ წელს დაფიქსირდა 115 დანაშაული, მიმდინარე წელს 353. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წელს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა ამ სახის 113 დანაშაული, რაც მომდევნო 3 თვეში კიდევ 240-ით გაიზარდა.
წყარო: შს სამინისტრო