,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განაცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ახლა უკვე პარტიის საპატიო თავმჯდომარის რანგში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით:
,,ძვირფასო მეგობრებო, ახდა ის, რაზედაც საზოგადოებას ,,ლეიბორისტული” პარტია კარგა ხანია აფრთხილებდა. წინასაახალწლოდ საქართველოს დაუძინებელი მტერი, ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელი, რუსი ოლიგარქი, ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში, საიდანაც ის არასოდეს არ გასულა.
გადაწყვეტილება აღნიშნულზე მიღებულია მოსკოვში, კრემლში, პირადად აგრესორ ვლადიმერ პუტინის მიერ, რომლის მიზანია ივანიშვილის ხელით დააგვირგვინოს საქართველოს პოლიტიკური ანექსია და სამუდამოდ შემოიმტკიცოს მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონი.
აი, ახლა უკვე მთელი სერიოზულობით და პრინციპულობით, თუმცა, არც ადრე გვაკლდა ეს, მივმართავ ჩვენს მოკავშირე ატლანტიკურ და დემოკრატიულ სივრცეს – სასწრაფოდ დაამთავრეთ ოლიგარქ ივანიშვილის სანქცირება და მთლიანად მოახდინეთ მისი ქონების, უძრავ-მოძრავი საშუალებების ბლოკირება ყველა მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციაში.
მივმართავ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს დედამიწაზე, აზიიდან ამერიკამდე – უნივერსალური იურისდიქციის თანახმად, გაეცით დაპატიმრების სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილზე, რომელიც არის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში, საქართველოში დიქტატურის დამამყარებელი და 90-იან წლებში ანგოლაშიც სამოქალაქო ომისას, იარაღის შეტანის გზით, მილიონი ადამიანის გამანადგურებელი.
ამავე თემაზე მივმართავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, აღძრას საქმე და გასცეს დაპატიმრების სანქცია რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე