საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ორი წევრის – ლაშა დიაროვისა და გიორგი ხაბურზანიას საქართველოს პარლამენტის მიერ სამსახურიდან გაათავისუფლების შესახებ:
,,პოლიტიკური ანგარიშსწორებები საქართველოში გრძელდება! გუშინ გამოგვიცხადეს, რომ პაატა მანჯგალაძის მრჩეველი, ლაშა დიაროვი და ჩვენი მრჩეველი გიორგი ხაბურზანია პარლამენტიდან გაათავისუფლეს. ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ორი თანამშრომელი პარლამენტიდან საქართველოს პარლამენტმა გაათავისუფლა. ამ ტიპის პრეცედენტი, საერთოდ, მსოფლიოში არ არის. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება.
დიახ, გიორგი ხაბურზანიამ, სხვათაშორის, ერთი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო, მერიიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და სასამართლომ, სწორედ, პოლიტიკური დისკრიმინაცია დაადგინა. რაც შეეხება ლაშა დიაროვს, მისი მამა 1 წლის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ახლა ედავებიან საგარეჯოში, რომ 70-იან წლებში აშენებული ღობე, თურმე უკანონოდ აშენებული ყოფილა.
აი, ამ დონეზე დაეცა ,,ქართული ოცნება’’. ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება.
მე ერთი რამ მინდა საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველას ვუთხრა: ერთ წელიწადში საქართველოში რუსული რეჟიმი შეიცვლება და ჩვენ, ისტორიასა და წარსულს ჩავაბარებთ ამ ტიპის პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს.
მინდა ,,ქართულ ოცნებასა’’ და მათ ლიდერებს ვუთხრა – ჩვენ ბრძოლას თქვენ ამით ვერ გააჩერებთ! ისეთ პატრიოტ ადამიანებს, როგორიც არის ლაშა დიაროვი, გიორგი ხაბურზანია და ბევრი ჩვენი თანაგუნდელი, თქვენი ეს რაღაც იაფფასიანი ანგარიშსწორება, ვერაფერს ვერ უზამს – ეს იცოდეთ!
ბრძოლას გავაგრძელებთ და თქვენ დემონტაჟს ნამდვილად მოვახდენთ! ამ პასუხს, ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გაგცემთ!
პოლიტიკურ ანგარიშწორებებს, როგორც ვამბობ, ჩავაბარებთ წარსულს! ევროპა ხომ ამიტომ გვინდა?! ევროკავშირის წევრობა ამისთვის გვინდა, რომ ევროპული სტანდარტი იყოს.
თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში ოპოზიციონერ პარლამენტარს პარლამენტმა სამსახურიდან გაუთავისუფლოს მრჩეველი და თანაშემწე. ასეთი რამე პრეცედენტი მარტო იქ კი არა, მემგონი რუსეთის ფედერაციაშიც არ ყოფილა, სხვაგანაც არ ყოფილა, არა თუ ევროკავშირში. ასე ჩვენ ევროკავშირი ვერ გავხდებით, აი ,,ქართული ოცნების’’ გარეშე – აუცილებლად გავხდებით ევროკავშირი.
მე მინდა მადლობა ვუთხრა გიორგის და ლაშას, ორივეს, იმ ბრძოლისთვის, პატრიოტული სულისკვეთებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ! მათი ცოდნა და განათლება არცერთ შემთხვევაში არ დაიკარგება! ყველა განათლებულ ადამიანს ექნება თავისუფალი აზრის გამოხატვისა და განვითარების შესაძლებლობა საქართველოში! ჩვენ ასეთ ძლიერ და ერთიან საქართველოს ავაშენებთ!’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი