თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის ბოლო – 43-ე მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე დასრულებული, გზის მოწყობის სამუშაოები, არის ზედმიწევნით უხარისხოდ გაკეთებული და დროულად მოხდეს გამოსწორება:
„რამდენიმე დღის წინ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გულზე შემოგეყრებათ სამუშაოები ისე არის შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში.
ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დღესვე დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები და საგზაო სამუშაოები თავიდან განახორციელონ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის ჩაბარება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლებმაც, რომლებიც პერიოდულად ამოწმებდნენ სამუშაოებს, აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული.
მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანიის თანამშრომლები და თავიდან ჩაატარონ სამუშაოები, როგორც ნორმალურ ქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.