პარასკევი, მაისი 17, 2024

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებში ჩართულ მხარეებს 1 ოქტომბრის არჩევნებზე ჩატარებული აუდიტის ანგარიში გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ 1 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნებში ჩართულ მხარეებს დეტალურად გააცნო აღნიშნული ანგარიში და მასში ასახული მიგნებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ ვრცლად ისაუბრა. როგორც მან შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, აუდიტის ჩატარების მიზანი საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და საჯაროობის ელემენტის მეტად გაძლიერებაა:

არჩევნების მოდერნიზების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციამ 2018 წლიდან დღემდე ტექნოლოგიების გამოყენებით 8 პილოტი ჩაატარა, იმისათვის რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები სართაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს. დღეს კი არჩევნებში ჩართულ მხარეებს 1 ოქტომბრის არჩევნებზე ჩატარებული აუდიტის შედეგები გავაცანი, რომლის ჩატარებაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა და ეს არის საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და საჯაროობის ელემენტის კიდევ უფრო გაძლიერება.

იმისათვის რომ ტექნოლოგიების ინტერვენციის პროცესში მინიმუმადე იქნას დაყვანილი ყველა შესაძლო გადაცდომა და რისკი, ასევე არ არსებობდეს კითხვები, რომელზე პასუხიც საზოგადოებას არ ექნება, აღნიშნული აუდიტის შედეგები იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება გაეცნოს მას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის დასკვნაში მთელი რიგი საკითხებია გამოყოფილი, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებაში არსებობდა კითხვის ნიშნები, თუმცა ვფიქრობ, რომ აღნიშნული დასკვნით ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა,” – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან იყო შესაბამისობაში. ელექტრონული აპარატები მუშაობდა გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“-ის წარმომადგენლები 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, ხოლო კენჭისყრის დასრულების შემდეგ პლანშეტების საშუალებით შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნის პროცესს, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდნენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია. კომპანია ასევე აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ Pro V&V აშშ-შიც არის წამყვანი და ბაზრის ლიდერი კომპანია, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტს ახორციელებს.

აუდიტის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საერთაშორისო კომპანია „Pro V&V“-ის და ვენდორი კომპანია „SMARTMATIC”-ის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას ღონისძიებაში, ჩაერთნენ დისკუსიის ნაწილში და მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა ასევე მიიღეს პარტიების, ცესკოში შექმნილი ახალი სამუშაო ფორმატის წევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ექპერტების და მედიის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული