ორშაბათი, აპრილი 29, 2024

“გეოპოლიტიკური ინტერესები: რაზეა დამოკიდებული, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები ისრაელში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უპრეცენდენტო თავდასხმა მოაწყო ისრაელის სახელმწიფოზე. შეიძლება თამამად ითქვას, ასეთი დიდი მასშტაბებით დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაცია, აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ტერორისტებს ფაქტობრივად არც კი განუხორციელებიათ. ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმა ტერორისტების მხრიდან ერთდროულად ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან მოხდა. ოფიციალური მონაცემებით ჰამასის თავდასხმა ისრაელის შეირაღებული ძალებისა და სპეცსამსახურებისთვის მოულოდნელი იყო.

თავის მხრივ ისრაელის პასუხი იყო ღაზას ტერიტორიაზე ტერორისტების ინფრასტრუქტურის სარაკეტო დარტყმები. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები, როგორც სამხედროების, ისე სამოქალაქო პირების მხრიდან. ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო ოპერაციასაც გეგმავენ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ისრაელი პალესტინის ამ კონფლიქტში მონაწილეობა მხოლოდ ორმხრივი არ არის და ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაციების დაწყება უფრო ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების „პროვოცირების“ მიზეზი შეიძლება გახდეს.

იერუსალიმს სამი დიდი და უძველესი მონოთეისტური კონფესიისთვის (ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი) საკრალური მნიშვნელობა აქვს. ამის გარდა ისრაელის გეოპოლიტიკურ მდებარეობას თავის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგენელიც გააჩნია.  სწორედ ამ უკანასკნელის გაშლას შევეცდებით ამ სტატიაში.

ამერიკის შეერთებული შტატები
ისრაელის ტერიტორიაზე ამ სამხედრო კონფლიქტის მოგვარება / არ მოგვარებით დაინტერესებული სახელმწიფოებიდან პირველი ვინც უნდა გამოვყოთ ეს აშშ-ია. ისრაელი თეთრი სახლისთვის ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული პარტნიორი და სიმძიმის ცენტრია. ამ უპირატესობის დაკარგვით ოფიციალური ვაშინგტონი მნიშვნელოვნად დაკარგავს გავლენას რეგიონში. ბაიდენის ადმინისტრაციამ ადგილზე უკვე გააგზავნა საკუთარი ფლოტი, ავიამზიდი „ჯერალდ ფორდის“ ფლაგმანობით, ხოლო სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აგრძელებს მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან. თეთრი სახლის ისრაელის მიმართ მხარდაჭერა პირდაპირია და არა ორაზროვანი. იგი სამხედრო დახმარებას გაუწევს ისრაელს, თუ მასზე თავდასხმას რეგიონის სხვა სახელმწიფოები გადაწყვეტენ. ოფიციალური ვაშინგტონი არ არის რეგიონში კონფლიქტის გაღვივებით დაინტერესებული.

ირანის ისლამური რესპუბლიკა
იგივეს ვერ ვიტყვით ირანზე, რომელიც  ისრაელის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. მართალია თეირანი ოფიციალურად არ ემხრობა ჰამასის მოქმედებებს, მაგრამ არც გმობს მას. მეტიც ღაზას სექტორში ისრაელის შეირაღებული ძალების მხრიდან სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ირანი ხეზბოლას (ლიბანელ შიიტთა ტერორისტული დაჯგუფება) მხარდაჭერას გაუწევს, რათა მან ისრაელის ჩრდილოეთის რეგიონები დაიკავოს. ოფიციალური თეირანის ინტერესია აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული პარტნიორი გამოაცალოს, ებრაელთა სახელმწიფო გააუქმოს  და ამით მრავალწლიანი დავა არაბებს და ებრაელებს შორის პირველის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. შედეგად ირანის როლი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგრამ ირანის მხრიდან ამ ამბიციური გეგმის შესრულებას თავისი გამოწვევებიც ახლავს. პირველი ეს აშშ-ს ფაქტორია რეგიონში. თეთრი სახლი არ მიატოვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორს. მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი, აიათოლა ალი ხამენეის ირანში შიდა საზოგადოებრივი დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს, რომელიც დღეს შეიძლება ასე პირდაპირ ზედაპირზე არ ჩანდეს, მაგრამ თავისი საფუძველი აქვს და აუცილებლად ამოყოფს თავს პირველივე პოლიტიკური კრიზისის დასაწყისშივე. ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა არავინ არ იცის ამ მოცემულობაში როგორ მოიქცევა. ასეთ სიტუაციაში თურქეთსა და აზერბაიჯანს  ერთობლივად უჩნდებათ შანსი ინიციატივა ხელში  აიღონ და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებზე საკუთარი კონტროლი განახორციელონ. ასევე კარგად გვახსოვს თეირანში ირანელი ქალების ფემინისტური გამოსვლები, რომელიც საკუთარი უფლებების დასაცავად და აიათოლას თეოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ოფიციალურმა თეირანმა ასჯერ უნდა გაზომოს მანამ სანამ ისრაელთან ომში როგორც მხარე ჩაერთვება.

რუსეთის ფედერაცია
მსოფლიო რუქაზე დაძაბულობის ახალი კერების გაჩენა პუტინის რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთელი ცივილური სამყაროს ყურადღება და სამხედრო დახმარება უკრაინისკენ იყო მიმართული. მეორე ფრონტის გახსნა ამ ყურადღების ცენტრს ისრაელის კონფლიქტზე გადაიტანს, თუ მთლიანად არა, გაანახევრებს მაინც. პუტინისთვის ეხლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკი-ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება. სამხედრო ექსპერტებს შორის არსებობს ეჭვი, რომ ოფიციალური მოსკოვი ჰამასის თავდასხმის ოპერაციაში, თუ პირდაპირ ჩართული არ იყო, სულ მცირე ინფორმირებული მაინც იქნებოდა და ისრაელის მთავრობა არ გააფრთხილა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
ახლო აღმოსავლეთში გავლენის მოპოვებას ცდილობს ჩინეთიც. ნამდვილად შემთხვევით არ იყო ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა პეკინში, რომ  მოხდა. როგორც ვიცით ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ალტერნატივა სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ინდოეთს, საუდის არაბეთისა და ისრაელის გავლით, ევროპასთან აკავშირებს. თუ პირველი პროქტის მიზანი უმოკლესი სახმელეთო გზით ჩინური საქონლის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მიწოდება არის და პროექტის ავტორად ოფიციალური პეკინი თავად გვევლინება, მეორე დერეფნის ინიციატორი თეთრი სახლია და ჩინეთის კონკურენტის, ინდური საქონლის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას უწყობს ხელს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა კარგად იცის, რომ ჩინეთის ინდოეთის ოკეანეზე გამავალ „სამხრეთ მარშრუტზე“ ბევრი გამოწვევები აქვს და აქტიურად მათი გადაჭრის მცდელობაშია, ამიტომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ეფექტურად იყენებს პეკინთან ეკონომიკურ ომში ამ წინააღმდეგობებს.

ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გავლენის მოპოვებით ჩინური საქონლის გატარებას ამ ქვეყნებში პრობლემა აღარ ექნება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური პეკინი დაინტერესებულია ისრაელის ტერიტორიაზე კონფლიქტის გაღვივებით. ერთი, რომ საბრძოლო ოპერაციები ინდოეთიდან წამოსულ ტვირთნაკადს უმოკლესი გზით შეაფერხებს, ხოლო მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა შემცირდება იმ რეგიონში, რომელშიც თავად აქვს ინტერესები.

საერთო ჯამში ისრაელის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები რა სახეს მიიღებს (იგულისხმება ჰამასის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები იქნება მოკლევადიანი და ეფექტური, თუ გრძელვადიანი, გაურკვეველი პერსპექტივით) დაინტერესებული სახელმწიფოები და საბრძოლო დაჯგუფებები პირობითად ორ ბანაკად შეგვიძლია დავყოთ. პირველი თავად ისრაელი, აშშ-ები, ევროატლანტიკური სტრუქტურები დაინტერესებულნი არიან ისრაელის სწრაფი გამარჯვებით. მეორე ჯგუფი, „ჰამასის“, „ჰეზბოლას“, ირანის, ჩინეთისა და რუსეთის სახით უფრო დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის გაღვივებით.

რა სცენარით განვითარდება ისრაელში მოვლენები დიდ წილად დამოკიდებული იქნება იმ სახელმწიფოების (განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იგულისხმება) პოზიციაზე, რომლებიც ამ ეტაპზე არცერთ ბანაკში არ არიან ან ნეიტრალიტეტს იცავენ, მაგრამ უახლოეს მომავალში საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთონ, ანუ საჯაროდ გაემიჯნებიან თუ არა ტერორისტებს და ზოგადად პოლიტიკაში ტერორიზმის და მომავალში ცივილური ფორმებით საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მომხრენი დარჩებიან თუ არა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული