ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის განმარტებები

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ განხორციელებული ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე, რასაც შემდგომ არასრულწლოვანის თვითკვლელობა მოჰყვა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ აღნიშნულ ფაქტზე არსებული კონკრეტული ინფორმაციები მიაწოდა საზოგადოებას:

“მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი – კერძოდ, დაიკითხა 70-ზე მეტი მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ.

გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება.

ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, საკითხს მოეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით,” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული