„მზად ვართ მივიღოთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში – თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ბიუჯეტს აქვს ჭარბი თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხმარდეს პენსიონერების სესხების განულებას.
მისივე თქმით, პენსიონერებს ლიბერთი ბანკისგან სესხები კაბალურ პირობებში აქვთ აღებული:
„ჩვენ, „გამარჯვების კოალიციის“ წევრები, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ მივიღოთ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში – თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას.
ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს, რომელიც მათ დღეს აქვთ. დაახლოებით ეს არის 400 მილიონი ლარი.
ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ ამ ჭარბ თანხას მოვახმართ პენსიონერებს, ასობით ათას პენსიონერს, რომელსაც დღეს აქვს ვალი ლიბერთი ბანკისგან, კაბალური პირობებით, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი იქნება მიმართული პენსიონერების სესხების დასაფარად, ჩვენ მზად ვართ დავუჭიროთ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

