სამშაბათი, აპრილი 16, 2024

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა: ფინანსთა მინისტრის განმარტებები

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. ივანე მაჭავარიანმა მიმოიხილა ის ძირითადი მაჩვენებლებიც, რაც ბიუჯეტში ცალკეული მიმართულებით ხელფასების, პენსიებისა თუ დანამატების ზრდას ეხება. ყურადღება გამახვილებული იქნა, ასევე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც:

2020 წლისთვის შევინარჩუნეთ ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები; სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოვყავით 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა. 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა; მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოიყო 120,0 მლნ ლარი. შეგახსენებთ, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები უკვე გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 150 ლარით გაიზრდება. ეტაპობრივად გაზრდილი ხელფასები გათვალისწინებულია: პოლიციელების, სახანძრო-სამაშველო სამსახურების, ჯარისკაცების, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს, 1 მილიონზე მეტ მოქალაქეს გაეზრდება პირადი სარგებელი ბიუჯეტიდან, რაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშიც.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტი ეფუძნება 2019-2020 წლების განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსის მოძიება. დამატებითი რესურსები მაქსიმალურად გადანაწილდა იმ საჭიროებების დაფინანსებაზე, რაც გამოთქმული იყო თქვენ მიერ ბიუჯეტის განხილვისას, საჯარო თუ სამუშაო შეხვედრებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც აისახა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში.
ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ყველა ფაქტორი, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკის და ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ასევე, გავითვალისწინეთ გაზრდილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეფექტი და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მომდევნო წლისთვის ბიუჯეტს დავგეგმავთ 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდის და 3,5%-იანი მშპ-ს დეფლატორის პროგნოზებზე.
სწორედ ამ პარამეტრებზე დაიგეგმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2020 წელს იქნება 53,1 მილიარდი ლარი, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე – 4,8 ათასი დოლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საბიუჯეტო დეფიციტზე საუბრისას ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი მომზადებული იყო 2,7%-იანი დეფიციტის ფარგლებში, თუმცა ნომინალური მშპ-ს ზრდამ, შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო შემცირებულიყო მისი მოცულობა და საბოლოო პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ 2020 წელს ნაერთ ბიუჯეტში დამატებით 175,0 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლები გააჩინა, საიდანაც 30,0 მლნ ლარი მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ხოლო 145,0 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

სწორედ ეს 145,0 მლნ ლარია ის ძირითადი რესურსი, რომელმაც მოგვცა საშუალება გაგვეზარდა 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. 145,0 მლნ ლარის გაზრდის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 10 465,0 მლნ ლარის ოდენობით. გარდა საგადასახადო შემოსავლებისა, წინა ვერსიასთან შედარებით 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში:

  • გრანტების მოცულობა გაიზარდა 41,9 მლნ ლარით და შეადგენს 241,9 მლნ ლარს. გაზრდილი მოცულობიდან 40,0 მლნ ლარი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საბიუჯეტო დახმარების სახით გამოყოფილ გრანტს;
  • სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 5,0 მლნ ლარით და შეადგენს 520,0 მლნ ლარს;
  • პრივატიზაციის პროგნოზი იზრდება 10,0 მლნ ლარით და შეადგენს 130,0 მლნ ლარს;
  • მიზნობრივი კრედიტების ხარჯზე საგარეო ვალის სახით მისაღები რესურსების მოცულობა გაზრდილია 12,3 მლნ ლარით საინვესტიციო პროექტების ნაწილში და შეადგენს 1 867,3 მლნ ლარს“.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია შემდეგი ცვლილებები:

  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა საბოლოო ვარიანტში გაზრდილია 50,0 მლნ ლარით, რომლიც შეადგენს 350 მლნ ლარს, რაც საშუალებს იძლევა დაფინანსდეს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 30.5 მლნ ლარით;
  • ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყო 16 მლნ ლარი და მისი ბიუჯეტი განისაზღვრა 4 363.0 მლნ ლარით.
  • იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 21 მლნ ლარით და შეადგენს 224.0 მლნ ლარს. დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი – მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის;
  • სახელმწიფო ინსპექტორის კანონიდან გამომდინარე, დამატებითი ფუნქციებისთვის საშტატო ერთეულების დაფინანსების, არსებული კადრებისთვის ხელფასების ზრდისა და „ევროჯასტში“ წარმომადგენლის ფინანსური უზრუნველყოფისათვის პროკურატურის დაფინანსება გაიზარდა 4,0 მლნ ლარით და შეადგენს 41,3 მლნ ლარს;
  • საერთო სასამართლოების დაფინანსება გაიზარდა 1,4 მლნ ლარით და ჯამურად განისაზღვრა 84,4 მლნ ლარით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რეალურად უწყების ასიგნებების გაიზარდა 2,0 მლნ ლარით სააპელაციო სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ამავე დროს, მოხდა IT ფუნქციის გადაცემა საქართველოს იუსტიციის საბჭოსათვის და შესაბამისად 600,0 ათასი ლარი გადანაწილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაფინანსებაზე. შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი განისაზღვრა 6,6 მლნ ლარით;
  • მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების დასაფინანსებლად საკონსტიტუციო სასამართლოს ასიგნებები გაიზარდა 100,0 ათასი ლარით;
  • 5,9 მლნ ლარით გაიზარდა და 68,7 მლნ ლარს შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, რაც სრულად გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობით, რომლის თანახმად მაუწყებლის დაფინანსება განისაზღვრება მიმდინარე წლის მშპ-ის 0.14%-ის ოდენობით;
  • პარლამენტის წინადადებების გათვალისწინებით იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება გაიზარდა 200,0 ათასი ლარით, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება – 300,0 ათასი ლარით;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაფინანსება გაიზარდა 350,0 ათასი ლარით;
  • მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება გაიზარდა 200,0 ათასი ლარით;
  • სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსება გაიზარდა 350,0 ათასი ლარით;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება გაზრდილია 1,0 მლნ ლარით და შეადგენს 7 მლნ ლარს და სხვა.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული