სამშაბათი, აპრილი 23, 2024

პოლიტიკური, სოციალური და უფლებრივი თვალსაზრისით ეს იყო ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული წელი – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 10 დეკემბერს 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა:

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური, სოციალური და უფლებრივი თვალსაზრისით ეს იყო ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ყველაზე რთული წელი, რომელმაც პოლიტიკურის კრიზისები და ჩვენს საზოგადოებაში არსებული სოციალური ფრუსტრაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან პოზიტიურ სიახლეებს წარმოადგენდა „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ ორგანული კანონის მიღება, რომელმაც გააფართოვა სახელმწიფოს მანდატი აკონტროლოს შრომის უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობა სამუშაო ადგილებზე. ამასთან, მიმდინარე წელს უკავშირდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის დახვეწისა და სახალხო დამცველის მანდატის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე, შევიწროვებისა და სექსუალური შევიწროვების რეგლამენტირება. პოზიტიურად უნდა შეფასდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა და პოზიტიური რეფორმები სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურის შექმნისა და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. დასახელებული პოზიტიური ცვლილებები უმეტესად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა თუ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს, რაც ასუსტებს რეფორმების სათანადო აღსრულების პოლიტიკურ შესაძლებლობას და მათ რეალურ გავლენას ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე. ამასთან, დასახელებული მნიშვნელოვანი სიახლეების მიუხედავად, მიმდინარე წელი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებითი ხასიათის გამოწვევებით ხასიათდებოდა.

მიმდინარე წელს მძიმედ დადგა შეკრების თავისუფლების უხეში ხელყოფისა და პოლიციის მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების საკითხი. 21 ივნისის შეკრების დაშლას ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და დასჯა მოჰყვა, რასაც არ ახლდა სისტემის მხრიდან დარღვევების სათანადო გამოძიება და სისტემური ხარვეზების აღიარება. ამის საპირისპიროდ მმართველი პოლიტიკური გუნდი საკითხის პოლიტიზირებას და ამ გზით საზოგადოებრივი წუხილების გადაფარვას ცდილობდა.

21 ივნისის მოვლენების შემდეგ სოციალურმა პროტესტმა მოახერხა მმართველი პარტიისგან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაპირების მიღება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერის პიროებით ჩატარების შესაძლებლობას ითვალსწინებდა. ამგვარი საარჩევნო სისტემა არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ველის გარღვევის, ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენისა და უფრო სამართლიანი და ინკლუზიური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა, საშემოდგომო სესიაზე ქართულმა ოცნებამ ეს საჯარო დაპირება არ შეასრულა და კონსტიტუციური კანონპროექტი თითქოსდა პარტიის მაჟორიტარი წევრების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მმართველი პოლიტიკური გუნდიდან მნიშვნელოვანი წევრების გასვლა და შიდა კრიზისი მოჰყვა. სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების პროტესტმა კი ქუჩებში გადაიანაცვლა. ამ პირობებში ხელისუფლება არ ცდილობს შექმნას პოლიტიკური დიალოგის ფორმატები და მეტწილად რადიკალური პოლიტიკური რიტორიკითა და პოლიციის ძალების გამოყენებით ცდილობს არსებული პოლიტიკური status quo შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროცესებში პოლიციის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ნიშნებმა საგანგაშო ნიშნები შეიძინა და შსს-ს სისტემაში დაწყებული რეფორმების სოციალური მნიშვნელობა დააკნინა.

მიმდინარე წელს თვალშისაცემი იყო პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიზირების ტენდენცია პოლიტიკური ოპონენტების დაუსაბუთებელი დევნა, მედიის შევიწროება და სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის გავლენების ზრდა რაც სახელმწიფო ინსტიტუტების რყევის და მათი პარტიულ-პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოყენების ნიშნებს აჩენდა.

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ხელისუფლება სახელმწიფო ობიექტების მასშტაბური პრივატიზების, ჰესების მასშტაბური პროექტების მშენებლობის და შრომითი მიგრაციის მხარდაჭერით ხედავს, რაც ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის უხეში გაგრძელებაა და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარების რესურსი ჩანასახშივე არ გააჩნია.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების ფონზე სულ უფრო რთული გახდა სოციალური რეფორმების და ადამიანების რეალურ საჭიროებებზე, წუხილებზე და ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდაჭერა. მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა, ქალაქსა და სოფლებში ცხოვრების ხარისხს შორის ღრმა განსხვავება, განათლების სისტემის უკიდურესად სუსტი და უთანასწორო ბუნება და მზარდი მიგრაცია მთავრობას რადიკალური სოციალური რეფორმებისკენ უნდა უბიძგებდეს თუმცა, ეს საკითხები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილიც კი არ არის. სამწუხაროა, რომ მიმდინარე წელს ასევე ვერ მოხერხდა შრომის კოდექსის რეფორმის მიზნით დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება.

2019 წელი კრიზისული იყო პანკისის ხეობისთვის. ჰესების მშენებლობის მიზნით მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება 21 აპრილს შსს-მ ხეობაში ისე დაგეგმა, რომ ჰესების თემაზე მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებები არ იყო ამოწურული. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფისა და აშკარად არაეფექტიანი გამოძიების შემდეგ ხეობაში დაგროვებული უნდობლობა, 21 აპრილის მოვლენებმა კიდევ უფრო გააღრმავა. ადგილობრივი თემი ჰესების მშენებლობაზე კერძო კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ საპოლიციო რესურსის ჭარბ კონცენტრაციაზე და ინტერვენციაზე უთითებდა, რაც მათივე თქმით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თემის წევრებს შორის შეირაღებული დაპირისპირების დასრულდა. ხეობაში დაწყებული უნიკალური დემოკრატიული პროცესების ფონზე სახელმწიფოს ამგვარი გადაწყვეტილებები არსებითად აზიანებს რეგიონის განვითარების შესაძლებლობას და ხეობაში პოლიტიკას კვლავ უსაფრთხოების და დასჯის დისკურსში აბრუნებს.

მიმდინარე წელს კვლავ ჩანდა ანტიდემოკრატიული ძალადობრივი ჯგუფების პოლიტიკური აქტიურობა, რომელთა ჰომოფობიურ და სხვა ტიპის ძალადობას სამართალდამცავი სისტემა იწყნარებს და უშვებს. აღნიშნული ჯგუფების პოლიტიკური საქმიანობა მთლიანობაში ხელისუფლების მიერ მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და მათი გამოყენების ჭარბი დღის წესრიგისა და ხელოვნური კონფლიქტების შექმნის შთაბეჭდილებას ტოვებს.

2019 წელი მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პოლიტიკაში ჩანს ნორმალიზებასა და ნდობის აღდგენაზე მიმართული რიტორიკა, კონფლიქტის რეგიონებთან მდგომარეობა სულ უფრო იძაბება. 2019 წლის სექტემბრიდან ახალგორთან ე.წ. საზღვრების ჩაკეტვის გამო რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი მდგომარეობაა შექმნილი და ადგილობრივებს ბაზისურ სამედიცინო და სოციალურ რესურსებზე არ მიუწვდებათ ხელი. ამ ფონზე ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარების რესურსის არ არსებობის გამო გარდაიცვალა ერთ ადამიანი. ამავე პერიოდში სამხრეთ ოსეთის de facto ხელისუფლებამ დააკავა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ამ დრომე ცხინვალის ციხეში პატიმრობაში რჩება. ახალგორში საზღრების ჩაკეტვა სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის გახნის მცდელობას დაუკავშირდა. ამ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სულ უფრო ჩამოსცილდა პოლიტიკური და სამოქალაქო განზომილება და ის მეტწილად უსაფრთხოების სამსახურებს შორის კომუნიკაციაზე დავიდა”.

იხილეთ: შეფასებას სრული ვერსია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული