პარასკევი, აპრილი 19, 2024

სალომე ზურაბიშვილი არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც ქართულ ჯარს ეხებოდა, მწვავედ გააკრიტიკა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციონერმა ლიდერმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ნიჰილიზმის დანერგვაში ადანაშაულებს საქართველოს მთავარსარდალს, რისი მცდელობაც არაერთხელ ჰქონდა მას. გიორგი ვაშაძე იმპიჩმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს:

„სალომე ზურაბიშვილი არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში, რომლის მიზანია ქვეყანაში ნიჰილიზმის დანერგვა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პერსპექტივა. პრეზიდენტს სურს საქართველო რუსულ ორიენტაციაზე გადაყვანოს. ის ამას ჯერ კიდევ მაშინ აკეთებდა, როდესაც განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და აგრეთვე მაშინაც, როდესაც ზვიად გამსახურდიაზე, როგორც დიქტატორზე, ისე საუბრობდა, რომლის დამხობასაც ამყარებდა და ამართლებდა თავიდან ბოლომდე.

სალომე ზურაბიშვილი თავისი სახელით კი არ საუბრობს, არამედ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სახელით, რომლებმაც სწორედ ძალადობით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და მასობრივი მოსყიდვით დასვეს ეს ქალბატონი პრეზიდენტის სავარძელში.

მიუხედავად მმართველი გუნდის წარმომადგენლების დღევანდელი განცხადებებისა მე მაინც მიმაჩნია, რომ აქ ზუსტადაც ხელისუფლების ხელწერა იკვეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში “ქართული ოცნება” დაიწყებდა იმპიჩმენტის პროცედურას და დაამთავრებდა ამ ქალბატონის პრეზიდენტობას საქართველოში.

აი ეს არის სწორედ ის უკანონო ქმედებები, რომელსაც დღეს აქვს ადგილი. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არ არის ბრიყული წამოცდენა, ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, რომლის ავანგარდშიც არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მისი მთავარი განმახორციელებელი კი ქალბატონი ზურაბიშვილი. არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს მთავარსარდალი, რომელიც ჯარს ასე მოიხსენიებს, რომელიც ამბობს, რომ პერსპექტივა არ აქვს და მხოლოდ კულტურის შეფარვით აცხადებს, რომ უყვარს ქვეყანა“, – განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული