სამშაბათი, მაისი 21, 2024

“კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ” – რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართულის ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩის, კელი დეგნანის გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია საქართველოში ჩატარებულ და ჩასატარებელ არჩევნებზე:

,,ფაქტია, რომ ელექტრონულ არჩევნებს აქვს სანდოობისა და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია. ფაქტი არის, რომ ელექტრონული არჩევნების პროცესი ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას – ცდომილებებთან, ,,კარუსელებთან”, დისბალანსებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ვალდებულია ნებისმიერი, ვინც დღეს, ჩვენს საზოგადოებაში დისკრედიტაციას ცდილობს ელექტრონული არჩევნების – ერთი ფაქტი, მაგალითი მაინც დადოს, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და ამ მხრივ სად, რა პრობლემები იყო? ვინაიდან, ამ მხრივ, სწორედ ეს სისტემა არის ყველაზე გამართული.

მე, პირადად არა ერთ ელჩს ვიცნობდი ამერიკის შეერთებული შტატებისას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის.

დეგნანის მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, რასაკვირველია, მაგრამ, სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის: კელი დეგნანმა, “რადიო თავისუფლებასთან” ერთგვარ გამოსამშვიდობებელ ინტერვიუში, ისაუბრა ბოლო 2 არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა: “არავის განუცხადებია, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანი იყო და არც 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე უთქვამს ვინმეს, რომ სამართლიანი იყო. ეს სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ 2024-ის არჩევნები უკეთესი იქნება” და ამასთან ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ჩატარებულ ელექტრონული არჩევნებიც იყო ხარვეზები – “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, როცა უბნების 10%-ზე იყო ელექტრონული ხმის მიცემა, იყო გარკვეული პრობლემები, მართალია, უფრო ტექნიკური და არა რაიმე სხვა სახის, მაგრამ ამან შეიძლება მთელი პროცესი შეანელოს, როცა ელექტრონულად ხმის მიცემა მოხდება მთელი ქვეყანის მასშტაბით“.

ამასთან ყოფილი ელჩი ამომრჩევლებსაც მიმართავს: “ვფიქრობ, ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული