ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ტენდერებს იგებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალჩინოსნების ნდობით აღჭურვილი პირები – თამთა შამათავა

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებულ მრავალათასიანი ხელშეკრულებების დადებისას გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა:

“იმ ფონზე, როცა ,,ქართული ოცნება“ გადასულია პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის რეჟიმზე და საჯარო სამსახურებში დასაქმებულები დაკავებულები არიან ცოცხებისა და კვერცხების სროლით, გინებითა და ფურთხებით, პარალელურად, მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნები დროს არ კარგავენ და შეძლებისდაგვარად ანიავებენ საბიუჯეტო სახსრებს. საუბარია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებულ მრავალათასიან ხელშეკრულებებზე.

მუნიციპალიტეტების მერები, ყოველგვარი ტენდერების და შეჯიბრებითობის პრინციპის გვერდის ავლით, პირდაპირ უფორმებენ შპს-ებს ან კერძო პირებს მრავალათასიან ხელშეკრულებებს. ხელშეკრულების საგანი ძირითადად გახლავთ სოფლებში გზების დაგება ან სკოლების ეზოების შემორაგვა.

მოგეხსენებათ, რომ გამარტივებული შესყიდვა (ეპმ) გამართლებულია იმ შემთხვევში, თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა, ფორსმაჟორი. ის, რომ სოფლებში გზების პრობლემაა ახალი ამბავი და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა მერებისთვის სულაც არ არის. გასაოცარია ის, რომ მერების რეაქცია მხოლოდ ამ პრობლემებზეა მყისიერი.

რა არის ამ რეაქციის გაგრძელება? ამ რეაქციის გაგრძელება არის ის, რომ ტენდერებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით იგებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალჩინოსნების ნდობით აღჭურვილი პირები. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ხდება მასობრივად თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. სურათის უკეთ აღსაქმელად მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

აი, მაგალითად, ხონში შპს “ჯ და ჯ”-ს დაუდეს 55.900 ლარის ხელშეკრულება, ასევე, როსტომ ჩანქსელიანს 34.995 ლარის კონტრაქტი, შპს ხვამლი -XXI- 96 ათას 555 ლარი.

ზესტაფონი – ვინმე დონერ ლომინაშვილს გაუფორმეს 62 ათას 368 ლარის კონტრაქტი. ასევე, შპს სანდრო – 327 ათას 533 ლარი, შპს ბილტმორი – ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, კერძოდ, 557.178 ლარი.

გურჯაანი – შპს გუგა-2001 – 291 ათას 455 ლარი, ვახტანგ დალაქიშვილი- 79 ათას 178.

წყალტუბო – შპს დაგი – 142 ათას 203, შპს ხაკო – 155,490 ლარი, კერძო პირი – იმედა ბოკელავაძე- 258 ათასი ლარი სამი კონტრაქტი და ა.შ.

ვანი – შპს ნიუ იბერია – 228 ათასი ლარი, შპს ახალი გზა- 492 ათას 700 , შპს არტ გრუპი – 232 659 ლარი.

აბაშა – სს არქეოპოლისი – 298 ათას 505 ლარი, შპს მეგზევე – 200 ათასი ლარი ახალციხე – შპს ნიუ სენთერი – 33 ათას 873 ლარი, შპს აბეკა – 88 ათს 409 ლარი, ვასილ ივანიძე – 27.586 ლარი.

ფოთი – შპს უნივერსალი – მილიონ 122 ათას 458 ლარი.

დედოფლისწყარო – შპს როიალ ბილდინგი – 28 ათას 523 ლარი, შპს აისი დევეოპმენტი – 39 ათას 709 ლარი ხაშური – შპს პირამიდა – 31 ათას 993 ლარი.

ქობულეთი – შპს უნივერსალ ჯორჯია – 41 ათას 663 ლარი.

უნდა ავღნიშნო, რომ კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი და ეს არ არის სრული სია. ყოველივე ზემოაღნიშიულიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს სულ მცირე საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან. დიდი დაფიქრება არ უნდა, რომ საქმე გვაქვს ძალიან პრობლემურ საკითხთან, ე.წ. ,,ატკატებთან“ და ამ მრავალათასიანი, ჯამში მილიონიანი კონტრაქტების უკან, დიდი ალბათობით, დგას კორუფციული გარიგებები.

შესაბამისად, მივმართავთ აუდიტის სამსახურს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, თუ რამდენად იყო ამ სამუშაოების შესრულების აუცილებლობა ერთ პირთან მოლაპარაკებით, რა ფორსმაჟორთან გვქონდა საქმე. აუდიტის დასკვნების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას”, – აცხადებს თამთა შამათავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული