ხუთშაბათი, ივნისი 20, 2024

“COVID პანდემია დასრულდა, მაგრამ COVID-19, როგორც რიგითი ინფექცია არ გამქრალა” – თენგიზ ცერცვაძე

სოციალურ ქსელში, COVID-19-თან დაკავშირებით, ვრცელ განმარტებებს აკეთებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე:

COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას.

როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

დახლოებით 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად.

ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე.

ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა ომიკრონის XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმო-ს მონაცემებით ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით EG.5. ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების დაახლოებით 20%. წინასწარი მონაცემებით ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ (კლინიკური სიმპტომები, სიმძმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს.

სავარაუდოდ EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამოდენიმე COVID კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ.

სხვათაშორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამოდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს.

ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი.

ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული