სამშაბათი, ივლისი 23, 2024

ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ პირველ ოქტომბერს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროცედურები და ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, პერიოდულად იმართება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და შევახსენებთ, დროულად გაიარონ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად.

აკრედიტაციის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მედიის წარმომადგენლებისთვის 26 სექტემბერია (18:00 სთ.). რეგისტრაციის მიზნით ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას განაცხადის წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიაში 21 სექტემბერის (18:00 სთ.) ჩათვლით შეუძლია, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კი ცესკოს 24 სექტემბრის (18:00 სთ.) ჩათვლით უნდა მიმართონ.

აკრედიტაცია/რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცესკოს ვებგვერდს – www.cesko.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე – 2 51-00-51.

დეტალები იხილეთ ბმულებზე:

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები
https://cesko.ge/ge/archevnebi/2023/saqartvelos-parlamentis-2023-wlis-oqtombris-shualeduri-archevnebi/damkvirveblebi-da-media-2023-oktomberi-1

გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები
https://cesko.ge/ge/archevnebi/2023/munitsipalitetebis-merebis-2023-oqtomberi/damkvirveblebi-da-media-2023-oktomberi

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული