ხუთშაბათი, ივნისი 20, 2024

პირველ ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს. ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში. რაც, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე საარჩევნო ადმინისტრატორები ელექტრონულ ტექნოლოგიებთან მუშაობის კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს სწორედ ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენებით ჩავატარეთ შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, რომელიც დადებითად შეფასდა. ამ დროისათვის ჩვენ უკვე შესწავლილი გვაქვს ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და საჭიროებები და გათვალისწინებული იქნება პირველ ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნების გამოცდილებასაც შევისწავლით და გავითვალისწინებთ 2024 წლის არჩევნებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ამ პროცესში ჩართული მხარეების მონაწილეობის მნიშვნელობა – ელექტრონული არჩევნების დანერგვა საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში.

მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება. არჩევნები საერთო საქმეა და ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

აქვე გაგაცნობთ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ დეტალებს. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის”,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული