“მთავარ არხზე” გასულ სკანდალურ რეპორტაჟს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ, როინ მეტრეველთან მიმართებაში და ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველ, ლევან იოსელიანის ნეგატიურ შეფასებას, სოციალურ ქსელში, ერთგვარი შემაჯამებელი და საპროტესტო ხასიათის პოსტით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე:
“კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“! – როინ მეტრეველზე უკეთ ამ ციტატის კონტექსტი, არსი და პრაქტიკაც ცოტამ თუ იცის საქართველოში, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის „საქმიანობასთან“ დაკავშირებულმა სიუჟეტმა დაგვარწმუნა, რომ მორალი და ღირსება არც ასაკთან ერთად მოდის, არც არსად მიდის. სამწუხაროდ, ნომენკლატურა კვლავ ძალებს იკრებს განათლებისა და მეცნიერების საზიანოდ.
თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რა გზას ვადგებით, როგორც საზოგადოება?! უშედეგოდ ველით როინ მეტრეველის მორალური კომპასის გასწორებას და “დანიშნული თანამდებობიდან” გადადგომას?
თუ ვითხოვთ, რომ მახინჯი სისტემა შეიზღუდოს მორალით თუ არა, შესაბამისი კანონმდებლობით, მაინც?
❌მეცნიერთა აკადემიის ამ ფორმითა და შინაარსით არსებობის აზრს ვერც აქამდე ვხედავდით, მაგრამ რომელიმე მომხდარი ფაქტი ხომ შეიძლება გახდეს მიზეზი რეალური რეფორმირების?!
იქნებ მსჯელობისა და ღია დისკუსიის დაწყება დაგვიანებულიცაა, მაგრამ სირცხვილის მოწმენდის მცდელობად მაინც ჩაითვლება მომავალი თაობის თვალში…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ტოხვაძე.
ინფორმაციისთვის: “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, სახუმარო-ირონიული რეპორტაჟი მოამზადა მეცნიერებათა აკადემიის ახლადარჩეულ პრეზიდენტ, როინ მეტრეველთან დაკავშირებით, მასთან სატელეფონო კავშირი დაამყარა და გაეცნო, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რა დროსაც თხოვნა-შეთავაზება გააჟღერა, რომ მეცნიერებათა აკადემიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსი მიენიჭებინათ და “შეთანხმებას მიაღწია”.