პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ვინ არის “ქართული პოლიტიკის სუსლოვი” და რას უქადის ეს იდეოლოგია საქართველოს?” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

დოდო აბაშიძის კინოგმირის ცნობილმა ფრაზამ: „ოღონდ ნუ იქნება ბუნტი“, ქართულ პოლიტიკაში თავისი ინტერპრეტაცია ჰპოვა და ასე ჟღერს: „რა ომი გინდათ?“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის დღიდან 10 წელზე მეტი გავიდა და მოდით შევაფასოთ, მმართველ ძალას პოლიტიკურად რა პროდუქტის შეთავაზება შეუძლია საქართველოს მოსახლეობისთვის. ფაქტობრივად არაფრის. არცერთი დაპირება, რომელიც 2012 წლის წინასაარჩევნოდ ჩვენი მოქალაქეების მიმართ გაიცა არ შესრულებულა.

თითოეულმა სოფელმა ვერ მიიღო 5 მილიონი, არ გვაქვს „უფასო“ ფული, ყოველი მომდევნო წელი უკეთესი არ არის ეკონომიკურად, არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და არ აღდგა სამართლიანობა და ბევრი კიდევ სხვა რამ, რომლის ჩამოთვლაც ვფიქრობთ შორს წაგვიყვანს, რადგან საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ისედაც კარგად არის ცნობილია. მოსახლეობის დიდი ნაწილი გარბის საქართველოდან, რომ უცხოეთიდან მძიმე შრომის ფასად გამოკვებოს საკუთარი ოჯახი. ქვეყანაში მთავარი პრობლემა არა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, არამედ შიმშილი, უმუშევრობა და კატასტროფულად გაზრდილი ფასებია (განსაკუთრებით კვების პროდუქტებზე).

ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის 90 პროცენტი უჭერს მხარს, წინსვლა არ გვაქვს და მნიშვნელოვანი ჩავარდნებია. უკრაინა და მოლდოვა, რომელიც ტექნიკურად ჩვენზე ბევრად უკან არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ჩვენზე ბევრად წინ არიან.

საქართველოს კანდიდატის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დრო ჯერ გასული წლის ბოლომდე გვქონდა, რომ შეხედეს ვერ ვასწრებდით, კიდევ ერთი წელი დაგვიმატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ:

• გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო და არ გვეყოლება პოლიტპატიმრები;
• უფრო გამჭვირვალეს გავხდით საარჩევნო პროცესს;
• ხელს შევუშლით საზოგადოების პოლარიზებას;
• სახელმწიფოს მართვაში არ დავუშვებთ ჩრდილოვან ხელისუფლებას;
• მოვახდენთ ქართული პოლიტიკის დეოლიგარქიზაციას.

ჯამში 12 პუნქტია შესასრულებელი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ ლანდშაფტს გააკეთილშობილებს და ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ სრულდება, რადგან მმართველი ძალა ამ ყველაფერში საკუთარი ხელისუფლების დაკარგვის რისკებს ხედავს.

„ქართული პოლიტიკის სუსლოვის“ – ირაკლი კობახიძის სტრატეგია მარტივია, უნდა შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას ის, რაც ამ უკანასკნელს დაათმობინებს ყველაფერს იმას, რაც ადრე „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებული ვერ შეასრულა და ჩვენს მოქალაქეებს ევროპულ მომავალზეც ათქმევინებს უარს. რაღაც ისეთი, რაც ეგზისტენციალურ შიშსა და სასოწარკვეთას ბადებს ადამიანებში, მათ უსაფრთხოებასთან და გადარჩენის ცხოველურ ინსტიქტთან არის დაკავშირებული. მე ამას „ომწაგებული ერის“ სინდრომს ვუწოდებდი. იგივე დაემართა გაწონასწორებულ, დისციპლინირებულ გერმანელ ერს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რაც ნაცისტებმა ძალიან ცუდად გამოიყენეს.

„ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად მხოლოდ ერთი რამ შეუძლია საკუთარ მოსახლეობას მიყიდოს და ეს რაღაც კრემლთან დადებული „მშვიდობის ზავია“, რომელიც თავისთავად მყიფეა და დროებითია. ამითი აიხსნება მმართველი ძალის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ. მაგრამ უკრაინა ამ უთანასწორო ბრძოლაში იგებს (რისი შანსებიც დღითიდღე იზრდება) ერთადერთი კოზირი, რომლითაც ამომრჩეველთან პოზიციონირებდა, ქართული ოცნებას ხელიდან ეცლება. რუსეთიდან მომავალი საფრთხე, რომლითაც საკუთარი მოქალაქეების სოციალურ უკმაყოფილებას აბალანსებდა გაქრება და მეტიც აღმოჩნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება მთელი 10 წლის განმავლობაში არასწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა.

მმართველი ძალისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი წინასაარჩევნო მესიჯი, რომელიც საზოგადოებაში კარგად გაიყიდება და რუსეთთან მათ თბილ ურთიერთობებს გაამართლებს. აქტიურად დაიწყეს საუბარი საქართველოს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რასაც სავარაუდოდ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც უნდა მოჰყვეს. მიზანი ერთი იქნება, „ნათელი“ და „კეთილშობილური“, რუსეთთან თანამშრომლობით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაბრუნება. მაგრამ აგრესორთან ურთიერთობით ქართული ძირძველი ტერიტორიების დაბრუნება უტოპიაა, რადგან ჯერ პოლიტიკური მეცნიერების ისტორიას არ ახსოვს ფაქტი, რომ ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოსთვის „უსასყიდლოდ“ გადაეცა პრეფერენციები.

რას მოითხოვს ოფიციალური კრემლი აფხაზეთის „დაბრუნების“ სანაცვლოდ, ადვილი მისახვედრია. პუტინი უკრაინასთან ომს აგებს და ჰაერივით სჭირდება რაიმე სახის „გამარჯვება“. რუსეთის სამხედრო-ტექნიკური შესაძლებლობები მინიმუმზეა დაყვანილი. სამხედრო ინტერვენციით იმპერიალისტური ამბიციების დაკმაყოფილების შანსი მინიმუმზეა დაყვანილი. ერთადერთი გამოსავალი რბილი ძალის გამოყენებით რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიერთება ან ვასალად გამოცხადება პუტინისთვის შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია (საკუთარ ამომრჩევლების თვალში გამარჯვებად გამოაცხადებს). უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორ რესპუბლიკაში ბელარუსი და საქართველო მოიაზრება. ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვალერი ცეპკალოს ინფორმაციით, ლუკაშენკო მოსკოვში ვიზიტის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილობრივ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. თუ ამ ინფორმაციას ვენდობით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა პუტინთან შეხვედრის შემდეგ მკვეთრად უარესდება. პირველი ა/წ-ის 9 მაისის აღლუმზე მოხდა, როდესაც ბელარუსი დიქტატორი ოფიციალური ცერემონიის დიდ ნაწილს ჯამრთელობის გამო ვერ დაესწრო. ასევე კარგად ვიცით, რომ ლუკაშენკო კრემლის მოთხოვნებს უკრაინასთან მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე მეორე წელია თავს არიდებს. მისი ფიზიკური ჩამოშორებით, პუტინი ადვილად მოახერხებს ბელარუსის რუსეთთან მიერთებას და მეორე ფრონტის გახსნას.

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობთ გეგმა მარტივია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად და პოლიტიკურად კრემლზე მიბმა და რუსეთის ვასალად გამოცხადება. თუ პუტინი ოფიციალურ თბილისს დაელაპარაკება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, მხოლოდ იმ სტატუსით, რა სტატუსიც ოკუპირებული ტერიტორიებს გააჩნიათ, ანუ გახდება კვაზი სახელმწიფო.

დასკვნების გაკეთება მკითხველისთვის მოგვინდია!

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული