ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“რიგგარეშე არჩევნების გამართვა მიზანშეუწონლად მიმაჩნია შემდეგ მიზეზთა გამო” – ვახტანგ ხმალაძის 7 პუნქტიანი განმარტებები

რიგგარეშე არჩევნების საკითხთან, მის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე:

რიგგარეშე არჩევნების გამართვა მიზანშეუწონლად მიმაჩნია შემდეგ მიზეზთა გამო:

1. რიგგარეშე არჩევნები შეიძლება გაიმართოს მხოლოდ წელს, 2024-ში კი მხოლოდ მორიგი არჩევნები გაიმართება (ოქტომბერში);
2. თუ წელს გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, ახალი პარლამენტი მხოლოდ 1 წელი იმუშავებს და 2024-ში კი მორიგი არჩევნები უნდა გაიმართოს;
3. წელს გამართულ რიგგარეშე არჩევნებში პარლამენტის 30 წევრი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით და 120 – პროპორციული წესით. ყველამ ვიცით, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში დიდი უპირატესობა აქვს ხოლმე მმართველ პარტიას. ამ უპირატესობას ის კარგავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეტ-ნაკლები მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიები ერთ სუბიექტად გამოდიან (როგორც მოხდა, მაგალითად, 2012-ში), ამასთანავე, ამ შემთხვევაში მცირე იქნება დაკარგული ხმების რაოდენობა და მმართველი პარტია, პროპორციულ არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც კი ვერ მოიპოვებს უმრავლესობას. მაგრამ, ამჟამად, ოპოზიციური პარტიების ერთ სუბიექტად გაერთიანების ალბათობა უაღრესად მცირეა;
4. საკითხავია, რომც მოხერხდეს მეტ-ნაკლები მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიების ერთ სუბიექტად გაერთიანება, ექნება კი ამას სინერგიის ეფექტი? სინერგიის ეფექტი საეჭვოდ მიმაჩნია, ვინაიდან ასეთი გაერთიანება შეუძლებელი იქნება „ნაციონალების“ გარეშე, ის კი მიუღებელია ბევრი ოპოზიციონერი ამომრჩევლისთვის. ამის გამო, ჩემი აზრით, ოპოზიციონერ ამომრჩეველთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილმა შეიძლება მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნებში, რაც შეამცირებს ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას და, შესაბამისად, არჩევნების მოგების ალბათობასაც;
5. შესაძლებელია ვიფიქროთ 3- ან 4-სუბიექტიან არჩევნებზე: „ოცნება“, „ნაციონალები“ და ერთ ან ორ სუბიექტად გაერთიანებული სხვა ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემური იქნება მაჟორიტარული არჩევნების მოგება და, შესაბამისად, პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში ჯამური უმრავლესობის მოპოვება.
6. ფინანსები: არჩევნები საკმაოდ ძვირი ჯდება და საკმარისი თანხის შეგროვება მხოლოდ მმართველი პარტიისთვის არ არის პრობლემური. ერთი წლის შუალედით კი 2 არჩევნებისთვის საკმარისი თანხის შეგროვება ოპოზიციური პარტიებისთვის თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია.
7. მნიშვნელოვანია აგრეთვე ამომრჩეველთა სათანადოდ ინფორმირება და მისი დარწმუნება არჩეული მოდელის სისწორესა და ეფექტიანობაში. არსებულ ვითარებაში, წლის ბოლომდე დარჩენილ რამდენიმე თვეში ამის გაკეთებაც პრობლემურად მიმაჩნია.

ეს არის ძირითადი მიზეზები. მაშ, როგორ მოვიქცეთ? ჩემი აზრით, საჭიროა მივაღწიოთ საარჩევნო ზღურბლის შემცირებას 2 ან 3 პროცენტამდე 2024 წლის პროპორციული არჩევნებისთვის და გეგმაზომიერად მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახტანგ ხმალაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული